top_leaderboard

მაია კახიძე: ესეც „ჩემი მეცამეტე სიყვარული“

RemasterDirector_22abe5b5f

პოეტი, მწერალი, ჟურნალისტი მაია კახიძე თავისი ახალი წიგნის „ჩემი მეცამეტე სიყვარული“ შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„გუშინ დაგპირდით, ხვალ ახალ ამბავს გეტყვით-მეთქი

და აი, ვასრულებ!

საგანგებოდ დავარქვი ასეთი სათაური. რიგითობით მეცამეტე წიგნია ჩემს შემოქმედებაში, ცოტა ფორმატიც შევუცვალე და ერთი სიტყვით, გუშინ საღამოს გამოვიტანე გამომცემლობა „მწიგნობარიდან“.

ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის ნამუშევარი გამოვიდა 255 გვერდი. რედაქტორი გახლავთ ქალბატონი ლია მეტრეველი, წინასიტყვაობის ავტორი – ბატონი რაულ ჩილაჩავა და უკანა ყდის ფოტო კი ჩემს საყვარელ ნინო ჯაჯანიძეს ეკუთვნის.

ეს კრებული თებერვლის ბოლოს უნდა დაბეჭდილიყო, ნახევარზე მეტი გზა გავლილი მქონდა, ვმუშაობდი სულ და ჩემი ბესოც მპირდებოდა, წამოვდგებიო… როდესაც ძალიან დამძიმდა მისი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, გავაჩერე გამოცემა, თავისთავადაც ასე მოხდა, მაგრამ 25 მარტს წარდგენაც უნდა მქონოდა, ჯერ კიდევ იანვარში შევატყობინე ახალი წიგნის ამბავი ჩემს ძვირფას მეგობარს ავთო ვარსიმაშვილს და ვფიქრობდი, ყველაფერს ვასწრებდი. ოღონდ, ცრემლმა და დიდმა ტკივილმა დამასწრო, დამტოვა ჩემმა ბესომ და მხოლოდ ახლა შემიძლია, შედარებით მშვიდად გაცნობოთ, ძვირფასო მეგობრებო და ჩემო გულშემატკივრებო, რომ ახალი კრებულის პრეზენტაცია შემოდგომაზე გაიმართება „თავისუფალ თეატრში“, როგორც ყოველთვის. 24 ოქტომბერს ჩემი მეუღლის დაბადების დღეა და სწორედ მას მივუძღვნი საღამოს, რომელსაც, ვეცდები, ღირსეულად გავართვა თავი.

ჯერ კი არ შემიძლია.

28 თებერვლის მერე გუშინ პირველად გავედი საზოგადოებაში და საერთოდ, ნოემბრიდან არც არსად გამოვჩენილვარ, მხოლოდ ბესოს სიცოცხლისთვის ვიბრძოდი. უხაროდა მასაც ჩემი ახალი წიგნი, თუმცაღა… მე ვაგრძელებ და გავაგრძელებ ცხოვრებას, რასაც უფალი მომმადლის, ცოტასაც დავისვენებ, ეს სამი წელი ხომ კატასტროფა იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის: სამი წლის განმავლობაში ჯერ დედა კოვიდით, მერე ჩემი ნინიკო ლეიკემიით და ახლა ჩემი ბესო სიმსივნით. მანამდე რაც იყო, იმას აღარ ვამბობ…

ახლა სულ სხვანაირ ცხოვრებას უნდა შევეჩვიო, არ იქნება ადვილი, მაგრამ ვეცდები, ძალიან ვეცდები, მიცვალებულებსაც დიდი პატრონობა სჭირდებათ…

ჰოდა, ეს პაწაწუნა გული, ჩემი გული, ნამდვილი გმირია!

ასე რომ, გაგიზიარეთ ჩემი სევდანარევი სიხარული და ვიცი, ოქტომბერში აუცილებლად მობრძანდებით მაია კახიძის მეცამეტე წიგნის წარდგენაზე.

ჰო.. მე-14 დავიწყე უკვე… ხომ უნდა „გადავაფრინდე“ მეცამეტეს?! დამიჯერეთ, მე მართლა წერამ გადამარჩინა, და კიდევ: ჩემი მობილურით გადაღებულ ამ ფოტოებს, „ცოცხალი“ წიგნი ნამდვილად ჯობია“, – წერს მაია კახიძე.

ასევე იხილეთ