„საქართველოს ბანკის“ მარკეტინგისა და ციფრული მომსახურების მთავარი ოფიცერი ლევან გომშიაშვილი საქართველო-საბერძნეთის 26 მარტის მატჩს და საქართველოს ნაკრების ევრო-2024-ზე გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„შვილიშვილებს მე მოვუყვები:
დვალი რომ უშეცდომო იყო;
კვერკველიას საუკეთესო ორი მატჩი რომ ჰქონდა ნაკრებში;
კიტეიშვილს სასწაულად რომ ამოჰქონდა ბურთი;
კაკაბამ და შენგელიამ რომ ისე ზუსტად იცოდნენ, რას აკეთებდნენ და ყოველთვის იქ იყვნენ, სადაც საჭირო იყო;
კვარამ რომ 3 მცველი ისე დაღალა – ისინი ვეღარ დადიოდნენ;
ჩაკვე რომ ბურთს იღებდა, ყველა ყოველთვის ფეხზე დგებოდა;
ქოჩორამ 120 წუთი რომ შეუჩერებლად ირბინა, ეგ ხო, მაგრამ პირველი პენალტი რომ თავის თავზე აიღო (რასაც nerves of steel უნდა) და ყველა ლიდერული თვისება გამოაჩინა ერთ თამაშში და 120 წუთში მთელ ქვეყანას შეაყვარა თავი;
წიტაიშვილი რა მაგრა გამოვიდა, მაგას, ზურიკოს სისხარტეზე, ჟორჟის სისწრაფეზე და მიზანდასახულობაზე და ქვილითაიას ბრძოლაზე ყველა ბურთზე;
მოვუყვები, რომ ბუდუ ძალიან მიყვარდა აქამდეც და ლუქსემბურგი თავის თავზე რომ აიღო, ბერძნებთან დამაჯერა, რომ ყველა ყველაფერს გავაკეთებდით – გასასვლელად; მაშინ დამაჯერა, როცა წაიქცა და ბერძენს ბურთზე ფეხი რომ უნდა დაერტყა, ამან თავი შეუშვირა…
მერე ლუვრში წავიყვან და მამარდას „იმ“ ფოტოს ვაჩვენებ, hang it in the louvre ფოტო რომაა… ვეტყვი, რომ სასწაული მეკარე არის, იმასაც მოვუყვები, პენალტი რომ აიღო, მე მგონი, Vamos, Vamos-ს ყვიროდა-თქო;
კვეკვეს პენალტს ხომ ჩავრთავ და მერე რესპუბლიკის მოედანზე „აფხაზეთი საქართველოა“-თი რომ აიყოლია ათიათასობით ადამიანი გალელმა ბიჭმა, მაგას ვაჩვენებ;
და ბოლოს მოვუყვები, რა მაგარი კაცია გურამ კაშია – ჯერ ჯაბა კანკავა ვინ იყო, მაგას ვეტყვი, მერე იმ ფოტოს ვაჩვენებ, სადაც სამკლაურს აძლევს და მერე ნაკრების ვიდეოს ვაჩვენებ, კვეკვეს ბოლო პენალტის მერე როგორ ჩაიკეცა მარტო, მოედნის ცენტრში ემოციით დაცლილმა, სანამ გამარჯვებით „გადაიტენებოდა“;
ვეტყვი, რომ 120 წუთი „დინამო არენა“ არ გაჩერებულა;
და აუცილებლად იმასაც ვეტყვი, რომ ყველამ ყველგან თავისი საქმე გააკეთა – გულშემატკივარმა, ფედერაციამ, სტიუარდებმა, ბოლბოებმა – ვინც ილოცა, ვინც იმანიფესტირა, ყველამ!
მაგრამ, ეს მარტო ამ 120 წუთზე!
საუკეთესო წინ არის!“ – წერს ლევან გომშიაშვილი.