22 მარტს შაკირამ ახალი, რიგით მე-12 სტუდიური ალბომი გამოუშვა. კოლუმბიელი მუსიკოსის მორიგ ნამუშევარს Las Mujeres Ya No Lloran(“ქალები აღარ ტირიან”) ჰქვია და ჟანრობრივად მრავალფეროვან 17 ესპანურენოვან სიმღერას მოიცავს. შაკირასთვის ეს შვიდწლიანი პაუზის შემდეგ გამოშვებული პირველი ალბომია, რომელმაც მის პირად ცხოვრებაში მომხდარი ამბები, მათ შორის, ფეხბურთელ ჟერარდ პიკესთან დაშორებაც ასახა. თუმცა, მუსიკოსის თქმით, სწორედ დაშორებამ მოუტანა თავისუფლება.
„ჩემი ქმრის გამო, დრო არ მქონდა”, – ჰყვება შაკირა ჯიმი ფელონის შოუში, – „ახლა კი, ქმარი აღარ მყავს. ჰო, ქმარი უკან მხევდა. ახლა თავისუფალი ვარ და მუშაობა შემიძლია”.
ცოტა ხნის წინ მუსიკოსმა ახალი ალბომის შექმნის პროცესზეც ისაუბრა და მას „ალქიმიური” უწოდა.
„ყოველი სიმღერის დაწერისას, ჩემს თავს ხელახლა ვაყალიბებდი”, – ამბობს შაკირა, – „მათი მღერისას კი, ჩემი ცრემლები ბრილიანტებად იქცა, ჩემი დაუცველობა – სიძლიერედ”.
“ბრილიანტებად ქცეული ცრემლების” მნიშვნელობას შაკირამ ჯიმი ფელონის შოუშიც გაუსვა ხაზი.
„დიდი ხნის განმავლობაში, ქალებს გაწერილი სცენარით მოგვიწოდებდნენ დაუსრულებელი ტირილისკენ”, — აღნიშნავს პოპვარსკვლავი, — “ამასთან, ტკივილი ჩვენი შვილებისგან, საზოგადოებისგან უნდა დაგვემალა. განსაზღვრული გზით უნდა გამოვკეთებულიყავით. ვფიქრობ, არავის აქვს უფლება, გვითხრას, როგორ გამოვკეთდეთ. არავის აქვს უფლება, ძუ-მგელს [მინიშნება თავის ალბომზე She Wolf] უთხრას, როგორ მოირჩინოს ჭრილობები. ახლა ქალები წყვეტენ, როდის, როგორ და რამდენი ხნით იტირონ. ვერავინ გვეტყვის, როგორ გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ სირთულეებს”.
ახალ ალბომში შემავალი ერთ-ერთი ტრეკი არგენტინელ პროდიუსერთან, DJ Bizarrap-თან, კოლაბორაციით ჩაწერილი სიმღერაა, რომელშიც შაკირა პიკეს დასცინის. სიმღერამ შარშან იუთუბზე რეკორდიც მოხსნა.
შაკირა და პიკე ერთმანეთს 14 წლის წინ შეხვდნენ, როცა ფეხბურთელი მსოფლიო თასისთვის კოლუმბიელი ვარსკვლავის სიმღერაზე გადაღებულ კლიპში მონაწილეობდა. მათ ორი საერთო შვილი — მილანი და საშა — ჰყავთ. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ვარსკვლავური წყვილი 2022 წლის ზაფხულში დაშორდა.