საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალის მონაწილემ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ პირველ არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ არ დამალა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნაკრებში გამოძახებას ელოდა.
„უპირველესად, მინდა, ეს გამარჯვება მოგილოცოთ. ეს ის წარმატებაა, რომელიც არა მხოლოდ ფეხბურთელებს, არამედ ყველამ ერთმანეთს უნდა მივულოცოთ და ამით ბედნიერები ვიყოთ.
მჯეროდა თუ არა, რომ ნაკრებისთვის ასეთი მნიშვნელოვან მომენტში დამაბრუნებდნენ? მე წინასანაკრებო შეკრებები სხვადასხვა მიზეზით გამიცდა – იყო ტრავმის გამოც და შემდეგ მწვრთნელის გადაწყვეტილება გახლდათ. თუმცა ბოლო დროს გამოძახებას ველოდი, რადგან კარგ ფორმაში ვიყავი და თან ისეთი თამაშები იწყებოდა, გულის სიღრმეში ძალიან მინდოდა, რომ მეც ვყოფილიყავი. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ამ თამაშებს კარგ ფორმაში შევხვედროდი.
საბერძნეთის ნაკრები უხერხული მეტოქე იყო, მაგრამ ფინალში სტატისტიკას არავინ უყურებს. მთავარია, რომ მოვიგეთ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, რომელიც ყველას ასე ძალიან გვჭირდებოდა.
ბერძნულ მედიას თვალს არ ვადევნებდი, რადგან ზოგადად ახასიათებთ თამაშის წინ მუქარები. არ მგონია, რომ ამისთვის ვინმეს ყურადღება მიექცია. კარგი იყო, რომ ნაკრებს შეკრება ქალაქგარეთ გვქონდა, მარტო ვიყავით, კომუნიკაციის გარეშე და ესეც დაგვეხმარა“, – განაცხადა გიორგი ქვილითაიამ.