მიხეილ ყაველაშვილი: ქომაგებს ვთხოვ, დორტმუნდში, სტადიონზე დავით ყიფიანის ბანერი გაშალონ, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ვისი შთამომავლები თამაშობენ დღეს ქართულ ფეხბურთში
„18 ივნისს დათო ყიფიანის დაბადების დღეა. დათო ყიფიანი არის ქართული ფეხბურთის რაინდი. თავისი ყველა თვისებით „ვეფხისტყაოსნიდან“ გადმოსულს ჰგავდა. დორტმუნდში, სტადიონზე, ქომაგებს მისი ბანერის გაშლას ვთხოვ, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ვისი შთამომავლები თამაშობენ დღეს ქართულ ფეხბურთში“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილმა გაიხსენა, თუ რა მძიმე პერიოდი გაიარა ქართულმა ფეხბურთმა და აღნიშნა, რომ სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი.
„ეს ადამიანები – ჩივაძე, ყიფიანი და ა.შ. იმ მძიმე, 90-იან წლებში იდგნენ ქართული ფეხბურთის სადარაჯოზე, როცა ფორმა არ გვქონდა და საშხაპეში წყალი მოწანწკარებდა. უელსს ისე ვეთამაშეთ, რომ თან ელექტროენერგია ითიშებოდა დროდადრო – გავარდებოდა ჩივაძე, ჩაართვევინებდა, დაბრუნდებოდა… ასეთი მძიმე პერიოდი გამოვიარეთ.
კახა კალაძის ძმა რომ გაიტაცეს, იტალიასთან თამაში გვქონდა. თვალცრემლიანი კახას კადრებიცაა. ყიფიანის გაზრდილები ვართ, ჩვენი იდეალი იყო და უცებ, დავინახე, რომ ის თითქოს მოშვებული იყო, თამაშის წინ, მომზადებისას, გულს ვერაფერს უდებდა. ვკითხე, რა იყო ამის მიზეზი, რაზეც მიპასუხა, კახის ძმა რომ მოძებნონ, გამომძიებლებს მე ვუსხამ ბენზინსო. ფორმები არ გვქონდა და ძალიან მცირე დაფინანსება იყო სახელმწიფოსგან. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს როლს ფეხბურთის განვითარებაში. ასეთი დიდი გამარჯვებები მარტივად არ მოდის. მშვიდობა რომ არ იყოს, ეს შედეგი არ გვექნებოდა, რაც საქართველოს ნაკრებმა გვაჩვენა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.