left_sabechdi

ნინო წილოსანი: საარჩევნო კანონმდებლობა არის დახვეწილი და შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან

“მიხეილ სააკაშვილის და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი კამპანია, თითქოს ემიგრანტებს არ ეძლევათ არჩევნებში ჩართვის შესაძლებლობა, არის ფარსი და არ ემსახურება კონკრეტულ შედეგს”, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ 2024 წლისთვის დიასპორას არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.

წილოსანის თქმით, პრეზიდენტის მოწოდებები არაფრის მთქმელია.

„ის, რეალურად, თავისი გამონახვას ცდილობს მთელ ამ პოლიტიკურ შემადგენლობაში. სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი როლი გამოძებნა, რაც შეიძლებოდა რომ ენახა. ამ მოწოდებითაც ის, უბრალოდ, იმეორებს იმ კანონის ჩანაწერს და იმ პრაქტიკას, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს. რა თქმა უნდა, გაიხსნება უბნები, თუ არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ითვალისწინებდა კანონმდებლობა. საარჩევნო კანონმდებლობა არის დახვეწილი და შესაბამისობაშია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან. 

ვპირდებით, რომ ამის ფარგლებში, როგორც აქამდე ისე მომავალში, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საჭიროებები და ის უბრალოდ აჟიოტაჟის ატეხა და მიხეილ სააკაშვილის და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი კამპანია, თითქოს ემიგრანტებს არ ეძლევათ არჩევნებში ჩართვის შესაძლებლობა არის, უბრალოდ, ფარსი და არ ემსახურება კონკრეტულ შედეგს. კონკრეტულ შედეგს არჩევნებთან დაკავშირებით უზრუნველყოფს კანონი და ამ კანონის სწორად აღსრულება“, -განაცხადა წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის წარმომადგენლებთან დისტანციური შეხვედრები გამართა.

 

 

 

 

 

ასევე იხილეთ