ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი: ასეთი გულშემატკივრობა არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ სტადიონზე არ მინახავს 

“მადლობა თითოეულ ფეხბურთელს, მადლობა მთავარ მწვრთნელს, განსაკუთრებული მადლობა თითოეულ გულშემატკივარს. ასეთი გულშემატკივრობა არ მინახავს არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ სტადიონზე”, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ განაცხადა.

„ზუსტად საფეხბურთო რიტმში ჩაჯდა ქართველი გულშემატკივარი. როდესაც ვუტევდით იყო ყიჟინა და ჩვენი ფეხბურთელების გამხნევება, როცა თავს ვიცავდით იყო ის ხმაური, რომელიც თრგუნავდა მოწინააღმდეგეს, როცა ბურთს ვიჭერდით იყო სიჩუმე, რომ ფეხბურთელებისთვის ხელი არ შეეშალათ. ეს იყო არაჩვეულებრივი გარემო, რომელმაც გამარჯვებისთვის უდიდესი საქმე გააკეთა.

განსაკუთრებით ხაზგასმით ვიტყვი, როდესაც ემიგრანტების ვიდეოები ვნახე, მათი ემოცია საოცრება იყო. ქართული ფეხბურთის გამარჯვება არის ქვეყნის გამარჯვება. და ეს გამარჯვება იყო საერთო მონაპოვარი“, – აღნიშნა კახა ჭუმბურიძემ.

26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს გერმანიაში, 18, 22 და 26 ივნისს გამართვას.

 

 

ასევე იხილეთ