leaderboard_below_slide
left_sabechdi

ალუდა ღუდუშაური ანტიპროპაგანდისტულ კანონზე: ვაზღვევთ ჩვენი, ყველას შვილების და ქვეყნის მომავალს

“შეიძლება, არც ვიყოთ ჩვენ ხელისუფლებაში ზოგადად, მაგრამ ჩვენი შვილები, მომავალი თაობა ნამდვილად იქნება იმ დარტყმის ქვეშ, რასაც ეს პროპაგანდა უქადის. ჩვენ ვაზღვევთ ჩვენი, ყველას შვილების და ჩვენი ქვეყნის მომავალს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა  ანტიპროპაგანდისტულ ინიციატივაზე საუბრისას ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

წამყვანი დაინტერესდა, რატომ არის მოლოდინი და რატომ არის პრინციპული, რომ ამ საკითხზე იყოს ოპოზიციის მოსაზრება დაფიქსირებული, რადგან საზოგადოებას ცოტა თემა თუ ახსოვს, რომელზეც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გაერთიანება შეძლო და ერთ-ერთი იყო სახალხო დამცველის კანდიდატზე, რომელიც სრულად ოპოზიციას მაინც არ მოიცავდა.

„სახალხო დამცველის არჩევის დროს ბატონ იოსელიანს დაუჭირეს მხარი ოპოზიციიდანაც და გახსოვთ ალბათ ბულინგი და შეურაცხყოფა, რომელიც მათი კოლეგა ქალების მიმართ განახორციელეს. ღიად მიდიოდა მათზე შეტევა, თუ როგორ გაბედეს თავისი ნების გამოვლენა და დაუჭირეს მხარი პრინციპულ და დამოუკიდებელ კანდიდატს. ბუნებრივია, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ესენი [ოპოზიცია] ან ზნეს, ან ფერს შეიცვლიან და სახელმწიფოებრივად იაზროვნებენ და გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის სასიკეთო. ამის ილუზია ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ არის – სახალხო დამცველის საკითხი, ნებისმიერი სხვა საკითხი, ვერ იქნება საპირწონე იმის, რა გამოწვევის წინაშეც ამ პროპაგანდის სახით დგას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილების მომავალი. საკითხი, რომელიც ეხება პროპაგანდას, რომელიც ეხება ჩვენი შვილების მომავალს, ეს არ არის ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ახირება, ან მასზე მორგებული რაიმე ცვლილება. არც ვითხოვთ დღევანდელი დღისთვის ამ ნაბიჯის გადადგმას, ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე, რომელზეც ამ პროპაგანდამ, აღვირახსნილმა კამპანიამ, რომელიც შტურმის სახით მიეწოდება მსოფლიოს საზოგადოებას, შეიძლება შედეგი დააყენოს. შეიძლება არა ხვალ, ან ზეგ, შეიძლება არც ვიყოთ ჩვენ ხელისუფლებაში ზოგადად, მაგრამ ჩვენი შვილები, მომავალი თაობა ნამდვილად იქნება იმ დარტყმის ქვეშ, რასაც ეს პროპაგანდა უქადის. ჩვენ ვაზღვევთ ჩვენი, ყველას შვილების და ჩვენი ქვეყნის მომავალს. ბუნებრივია, ეს არ არის ასე ხელწამოსაკრავი საკითხი და ვითხოვთ იმას, რომ კონსტიტუციურად იყოს დაცული ეს ყველაფერი“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

„ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.

ასევე იხილეთ