31 მარტიდან რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას შეუერთდებიან. ევროკომისიის განცხადებით, ამ ორი სახელმწიფოს შენგენის ზონაში გაწევრიანება აღნიშნულ საერთო სივრცეს უფრო მიმზიდველს გახდის.
„ხვალ მნიშვნელოვანი დღეა: ბულგარეთი და რუმინეთი უერთდებიან შენგენის ოჯახს, მივესალმები შიდა საჰაერო და საზღვაო საზღვარზე შემოწმების გაუქმებას. ეს არის დიდი წარმატება ორივე ქვეყნისთვის. ეს არის ისტორიული მომენტი შენგენის ზონისთვის, მსოფლიოში თავისუფალი გადაადგილების უდიდესი სივრცისთვის. ერთად ჩვენ ვაშენებთ უფრო ძლიერ, უფრო ერთიან ევროპას ყველა ჩვენი მოქალაქისთვის“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში გაწევრიანების გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ დეკემბერში გამართულ სამიტზე მიიღო. ევროკომისიის განცხადებით, რუმინეთი და ბულგარეთი მუდმივად ადასტურებენ ევროკავშირის გარე საზღვრების ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფისადმი ერთგულებას და ხელს უწყობენ შენგენის ზონის შიდა უსაფრთხოებას.