leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: გვსურს ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით

„ჩემი საპარლამენტო გამოსვლის დროს მე გამოვხატე ჩვენი ამბიციური ამოცანა, რომ გვსურს ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს არის ამბიციური მიზანი, თუმცა სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში და ეს პოლიტიკური ნება არსებობს, ეს მზიანი არის სავსებით მიღწევადი და ამისათვის ყველაფერი გაკეთდება”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ანტიკორუფციულ ბიუროს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით განსაკუთრებული როლი აკისრია. მე მინდა მოგილოცოთ ერთი წლის იუბილე, ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ ბიუროს სათანადოდ განეხორციელებინა საკუთარი უფლებამოსილებები. ანტიკორუფციული ბიურო აღიჭურვა სათანადო როგორც სამართლებრივი, ისე ინსტიტუციური გარანტიებით, რაც მას კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლის შესაძლებლობას ანიჭებს. ბიუროს მუდმივი გაძლიერება დარჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად. იმისათვის ახლაც ხორციელდება საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები და მომავალშიც, რა თქმა უნდა, მთელი ყურადღებით მივუდგებით ამ მნიშვნელოვან ამოცანას, რასაც ჰქვია ბიუროს შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება. მე პირადად ჩემი სახელით, საქართველოს მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ მინდა დავუდასტურო ანტიკორუფციულ ბიუროს ჩვენი თანადგომა, ჩვენი მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ ბიუროს საქმიანობა ჩვენი ამბიციური მიზნების მიღწევაში ძალიან დაგვეხმარება და ბიურო ამ მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს შეიტანს“, – აღნიშნა კობახიძე.

ასევე იხილეთ