„33 წლის განმავლობაში საქართველოში აღიზარდა ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მოწინააღმდეგე მრავალრიცხოვანი უსამშობლო მასა, რომელიც ცალფეხზე ასკინკილათი ხტომით, მზადაა ქვეყანა ჩააბაროს ნებისმიერ ახალ კოლონიზატორს, ოღონდ ამით უზრუნველყოფილი იყოს მისი პირადი, უცხოეთიდან დაფინანსებული კეთილდღეობა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.
დავით ქართველიშვილი რეფერენდუმის დღის პარალელურად განვითარებულ საქართველოს ისტორიას მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ წინაპართა მიღწევა თანამედროვე მოღალატეების ფონზე შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, ამიტომ, საჭიროა ამ მიღწევის, ანუ დამოუკიდებლობის პრინციპულად დაცვა.
„საქართველოში აკრედიტებულმა ერთ-ერთმა საელჩომ ევროპაში წაიყვანა „ვეტინგის” მომხრე რამდენიმე მოსამართლე. მათი ზუსტი ოდენობა, გაყვანის მიზეზი და სხვა დეტალები ზუსტდება. სანამ გავარკვევდეთ, ჩვენს უახლოეს ისტორიაში ჩავიხედოთ. 1991 წლის 28 თებერვალს საქართველომ მიიღო პირველი ისტორიული გადაწყვეტილება – არ მიიღოს მონაწილეობა საკავშირო რეფერენდუმში სსრკ-ს შენარჩუნების მიზანშეწონილობის თაობაზე. ამის სანაცვლოდ, საქართველომ, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან მეოთხემ (ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ), ჩაატარა საკუთარი რეფერენდუმი, შემდეგი კითხვით: „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?”.
ამ ისტორიულ შეკითხვაზე გამოკითხულთა 3 295 493 ადამიანმა გასცა დადებითი პასუხი. დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგი იყო 16 917 ადამიანი. დღეს ამ კონტინგენტის რიცხვი გაცილებით დიდია, ევროპაში კონსპირაციულად გადასული იმ მოსამართლეების ჩათვლით. 33 წლის განმავლობაში საქართველოში აღიზარდა ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მოწინააღმდეგე მრავალრიცხოვანი უსამშობლო მასა, რომელიც ცალფეხზე ასკინკილათი ხტომით, მზადაა ქვეყანა ჩააბაროს ნებისმიერ ახალ კოლონიზატორს, ოღონდ ამით უზრუნველყოფილი იყოს მისი პირადი, უცხოეთიდან დაფინანსებული კეთილდღეობა.
ქართველი ადამიანის გენეტიკური და ისტორიული ლტოლვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ ამ მედროვეთა მისწრაფებებზე გაცილებით უფრო ძლიერია და მყარი საფუძვლების მქონე. დღევანდელ დღეს შეეწირა ჩვენი უახლოესი ისტორიის საუკეთესო დემოგრაფიული ნაწილი. მათი უკვდავი სულების წინაშე, ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს ქვეყანა ახალ პატრონს ჩავაბაროთ საჯიჯგნად. უფალი ამას არ გვაპატიებს!“, – წერს დავით ქართველიშვილი.