კახა ლაბუჩიძე: თბილისის ყველა საბავშვო ბაღში, მთლიანობაში 60 000 აღსაზრდელზე, გათვალისწინებულია ოთხჯერადი კვება
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, თბილისის საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში საჯარო ბაღები გახდა უფასო, ბაღებში ბავშვებისთვის ოთხჯერადი კვებაა გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, მენიუ შედგენილია იმგვარად, რომ კვების რაციონში გამოყენებულია ყველა ის ძირითადი პროდუქტი, რომლებიც აუცილებელია ბავშვის სწორი ზრდა-განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების პერიოდში საჯარო ბაღებიც კი ფასიანი იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბაგა-ბაღების საკითხთან დაკავშირებით ძნელია მივიღოთ ის განცხადებები, რომლებსაც ოპოზიციონერი კოლეგები აკეთებენ“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში თითოეულ აღსაზრდელზე ინდივიდუალურად ზრუნავენ.
„თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს უპირველესი ამოცანა აღსაზრდელების ინტერესების გათვალისწინება და მათი შესაბამისი ხარისხის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფაა. თბილისის ყველა საბავშვო ბაღში, მთლიანობაში 60 000 აღსაზრდელზე, გათვალისწინებულია ოთხჯერადი კვება და დაცულია კვების რაციონის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტი“, – აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.
საკრებულოს წევრის თქმით, ამჟამად გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შესყიდვის სტატუსია „შერჩევა/შეფასება“, რაც სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად არის ტენდერის სტატუსი, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც ფასდება პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის ნიმუშის შესახებ ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა.