„ქვეყნის ისტორიაში თუ ვინმე ყოფილა ხელისუფლების კორუმპირებული წარმომადგენელი, ეს იყო კეზერაშვილი, კაცი ლეგენდა, ელიტური კორუფციის ფუძემდებელი. თქვენმა მფლობელმა ჩაიდინა საუკუნის ძარცვა, გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები, როგორ ბედავთ და მე მეკითხებით რაღაცას?”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც მის დეკლარაციას შეეხებოდა.
ღარიბაშვილის თქმით, არასდროს ყოფილა მისი მისამართით გაჟღერებული კითხვა, რომელზეც მას პასუხი არ გაუცია.
„თქვენ ტყუილს ავრცელებთ და საზოგადოება შეცდომაში შეგყავთ, რაც დიდი კრახით დასრულდება. ანტიკორუფციული ბიურო ამოწმებს და შეამოწმებს კიდეც ხელისუფლების წარმომადგენლების ქონებრივ დეკლარაციას. ყოველ წელს მოწმდება ჩემი დეკლარაცია. ვინაიდან დეზინფორმაციულ ტყუილს ავრცელებთ, მინდა საზოგადოებას ავუხსნა – არც ერთხელ, არცერთ საკითხზე არ ყოფილა კითხვა, რაზეც მე პასუხი არ გამიცია. ჩემს ოჯახს აბსოლუტურად ლეგალური შემოსავლები და ბიზნესსაქმიანობა აქვს. თუ დაინტერესდებით ნამდვილად ამის თაობაზე, მე მზად ვარ ინფორმაცია მოგაწოდოთ. მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ ოფიციალურ საკუთრებაში აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა და ქონება. ეს საჯარო ინფორმაციაა და დამალული არ არის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.