leaderboard_below_slide
left_sabechdi

ქართველ ემიგრანტს ამერიკის ასამბლეის ჯილდო გადაეცა

სულ ახლახან ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ცხოვრებაში განსაკუთრებული ფაქტი მოხდა. თანამოზარეებთან ერთად მნიშვნელოვანი პროექტის განახორციელებისთვის მას ამერიკის, ნიუ-იორკის შტატის ასამბლეის ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ სოციალური ქსელებიდან ამერიკაში მცხოვრებმა მწერალმა, პროექტის ავტორმა და დამფუძნებელმა მზია გაგაძე-კანდელაკმა თავად გვაცნობა.

ორგზის ემიგრანტი ქალბატონი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი და სამი კრებულის ავტორია. სხვადასხვა დროს აქტიურად თანამშრომლობდ ემიგრანტულ გაზეთთან „ელადა“ და ჟურნალ „თაობასთან“. ამჟამად ამერიკაში გამოცემს ქართულ გაზეთს „ქართველები ამერიკის შეერთებულ შტატებში”.

-ქალბატონო მზია, გილოცავთ ასეთ აღიარებას. თქვენმა ჯგუფმა ყურადღება მიიქცია პროექტით „ქართველი ემიგრანტები ამერიკის შეერთებულ შტატებში“, რომლის ავტორიც თავად ხართ. მოდი, თავიდანვე შევახსენოთ მკითხველს, რას წარმოადგენს ეს პროექტი?

– პროექტი თანამედროვე ემიგრანტული საზოგადოების მატიანეა, რომლის ოთხი ტომია გამოცემული და მეხუთე სტამბაშია. ოთხტომეული მოიცავს ამერიკაში მცხოვრებ 500-მდე წარმატებული ქართველი ემიგრანტის ცხოვრებისა და  მოღვაწეობის ამსახველ დოკუმენტურ მასალას. გამოცემის რედაქტორი ანა ყურშავიშვილი გახლავთ. წიგნი ისტორიაა იმ ადამიანებისა, რომლებიც სამშობლოსგან შორს მყოფნი ქართულ საქმეს აკეთებენ და ამერიკაში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს.

– ამერიკის ასამბლეაში რეკომენდაცია ვინ გაგიწიათ?

– ნიუ-იორკის ასამბლეაში რეკომენდაცია გაგვიწია ქართული და ამერიკული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობმა, წარმატებულმა ქალბატონმა, დიანა ბაგრატიონმა, რომელიც დიდი ქველმოქმედი და ემიგრანტების გულშემატკივარია. მას შეუმჩნეველი არ დარჩენია ჩემი შემოქმედებითი ჯგუფის – ლელა ქართველის, ანა ყურშავიშვილის, მანანა ელიაშვილის, ინგა იმნაძის საქმიანობა, რაც ამ ქვეყანაში თანამედროვე ქართული ემიგრაციის ისტორიის, მატიანეს შექმნაში გამოიხატება. აქვე გეტყვით, რომ დიანა ბაგრატიონმა ამერიკაში დააფუძნა ფონდი, რომლის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი თავადაა და რომლის მიზანია ემიგრაციაში მყოფ ქართველებსა და მძიმე დიაგნოზის მქონე მათ შვილებს დახმარების ხელი გაუწოდოს.

– თქვენს მომავალს სად ხედავთ?

– ჩემი და ჩემი შვილების მომავალს ვხედავ საქართველოში, რომელიც მინდა, ისეთი ძლიერი ქვეყანა გახდეს, როგორზეც ყველა ემიგრანტი ოცნებობს. რაც შეეხება ამ ჯილდოს, პირადად მე, მას ბონუსად ვიღებ, რადგან ის შემდგომ საქმიანობაში ენთუზიაზმით მავსებს და უფრო მეტად მავალდებულებს. დაუჯერებელი ამბავია, რომ ერთმა ჩვეულებრივმა ემიგრანტმა მიიღო ამ უზარმაზარი ქვეყნის მთავრობის ჯილდო – რის გამოც ამერიკის დიდი მადლიერი ვარ.

ასევე იხილეთ