შალვა პაპუაშვილი: დადასტურდა, რომ მოსამართლეების სანქცირება იყო უსაფუძვლო და ქართველი ხალხი მოელის პასუხს
„უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც დადასტურდა, რომ მოსამართლეებზე სანქციების დაწესება იყო უსამართლო, უსაფუძვლო და ჩვენ ჯერჯერობით, არანაირი რეაქცია არ მოგვისმენია არცერთი იმ საელჩოსგან, რომლებიც თავის დროზე, ორი წლის წინ, იყვნენ მონაწილენი ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანიის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თავის დროზე ამ უსამართლო სანქციებმა ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ მისცა საბაბი, რომ მოეხდინათ სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმა და დისკრედიტაციის კამპანიის წარმოება.
„დღეს ჩვენ ვხედავთ, განსაკუთრებით მოსამართლე ჩხიკვაძეზე დადასტურდა, რომ ეს სანქცია იყო უსამართლო, უსაფუძვლო. ეს არის ნაწილი მათ შორის, პარტნიორული ურთიერთობისა, რომ როდესაც ასეთი რამ დასტურდება, უმაღლესი სასამართლო ინსტანციის მიერ, მოხდეს შესაბამისი, ადეკვატური რეაგირება ამაზე. ერთადერთი ადეკვატური რეაგირება კი, რა თქმა უნდა, იქნებოდა ამ სანქციის მოხსნა. სამწუხაროა, უკვე ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოსგან მივიღეთ შეტყობინება, რითაც საბოლოო ჯამში დადასტურდა, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე არ იყო არანაირი დარღვევა და აბსოლუტური სპეკულაცია იყო პოლიტიკურ მოტივებზე საუბარი. ერთი კვირა გავიდა და ჩვენ ჯერჯერობით, არანაირი რეაქცია არ მოგვისმენია არცერთი იმ საელჩოსგან, რომელიც თავის დროზე, ორი წლის წინ, იყვნენ მონაწილენი ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანიის. მაშინდელი დიპლომატები პირდაპირ პოლიტიკურ მოტივაციებზე მიანიშნებდნენ. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ახლა მოელის პასუხს, განმარტებას, რა იყო ეს თავის დროზე, ეს იყო ელჩის, საელჩოს თანამშრომლების შეცდომა, საელჩოს დაფინანსებული „ენჯეოების“ განზრახ შეცდომაში შეყვანა, საერთოდ ველით განმარტებას რასთან გვქონდა საქმე და ველით შედეგსაც. შედეგი ეს არის საქართველოს მოქალაქისთვის უსამართლო სანქციის მოხსნა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობას მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების მოთხოვნით მიმართა.