ეკა სეფაშვილი: ის ჰოლანდიელი მოსამართლე, რომელსაც უნდა შეემოწმებინა მოლდოვის სასამართლო სისტემის კეთილსინდისიერება, თავად აღმოჩნდა კორუფციულ გარიგებაში ჩართული
„საქართველოს სასამართლო სისტემა გაცილებით წინ არის, ვიდრე მოლდოვას და ალბანეთის სასამართლო სისტემები და არ მესმის, რატომ უნდა გადავდგათ ნაბიჯი უკან, თუ ამაში არ არის ინტერესი?“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
მისივე თქმით, ვეტინგის სისტემას საქართველოს ფოჩიანი კანფეტის სახით აწვდიან, თითქოს ეს სისტემა მხოლოდ მოსამართლეების კეთილსინდისიერებას ეხება.
„საქართველო იმ მაჩვენებლების მიხედვით, რაც ნიშნავს „სასამართლოზე ხელისუფლების ზეწოლისგან თავისუფლებას„ და „კორუფციული გარიგებებისგან თავისუფალ სასამართლო სისტემას„ უსწრებს მთელ რიგ ქვეყნებს და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია. ასეთ ქვეყანას ეუბნებიან, არ გივარგათ სასამართლო სისტემა და მოდით ჩვენ გავაკონტროლებთო. ვეტინგის სისტემას გვაწვდიან ფოჩიანი კანფეტის სახით, თითქოს მხოლოდ კეთილსინდისიერებას ეხება, რომ ხალხი შეიყვანონ შეცდომაში.
საზოგადოებას შევახსენებ, რომ მოლდოვაში დიდი სკანდალი იყო – ვეტინგის სისტემის მონაწილე ჰოლანდიელი მოსამართლე კორუფციულ სკანდალში გაება და უკანონოდ მიითვისა რვაას სამოცი ათასი ევრო. ეს ის ჰოლანდიელია, რომელსაც უნდა შეემოწმებინა მოლდოვის სასამართლო სისტემის კეთილსინდისიერება და თავადვე აღმოჩნდა არაკეთილსინდისიერი. რატომ ითვლება გარანტიად, რომ ადამიანი თუ უცხოელია ე.ი. კეთილსინდისიერია.
საქართველოს სასამართლო სისტემა გაცილებით წინ არის მოლდოვასა და ალბანეთის სასამართლო სისტემებზე და რატომ უნდა გადავდგათ ნაბიჯი უკან, თუ რა თქმა უნდა, არ არის ინტერესი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.