ჟურნალისტის დოსიე: ვახტანგ (გოჩა) ხუნდაძე – ტელეწამყვანი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, დაჯილდოებულია ღირსების მედლით. ქართულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის 2010 წელს ნიკო ნიკოლაძის პრემია მიენიჭა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა გაზეთებში: „ახალგაზრდა კომუნისტი“ და „დრონი“. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში იყო საინფორმაციო პროგრამა „მოამბისა“ და რადიოს საკვირაო საინფორმაციო გამოშვების წამყვანი. მოგვიანებით კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
1992 წლიდან საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, შემდეგ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.
1994-2012 წლებში – საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის თავმჯდომარის მოადგილე, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორის მოადგილე, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ პროგრამა „განთიადის“ შემქმნელი და ხელმძღვანელია. 2017 წელს გამომცემლობა „AUREUS“-მა ვახტანგ (გოჩა) ხუნდაძის წიგნი „11 ინტერიუ“ გამოსცა.
პროფესიული გზის დასაწყისიდან გასული 52 წელი
ვახტანგ (გოჩა) ხუნდაძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას, წერილებს სხვადასხვა გაზეთში ვაქვეყნებდი. იმ დროს, როცა კარიერას ვიწყებდი, სამსახურის შოვნა იოლი არ იყო. 1972 წელს, ბედნიერი შემთხვევის წყალობით, „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქციაში მიმიღეს. იქ ექვსი წელი გავატარე. შემდეგ იყო სახელმწიფო ტელევიზია და რადიომაუწყებლობა, დამოუკიდებელი ტელეკომპანიები და გაზეთი „დრონი“…
ყველაზე საინტერესო პერიოდი
ჩემთვის ყველაზე საინტერესო ტელევიზიაში საქმიანობის პერიოდი აღმოჩნდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მასშტაბები იყო ბევრად განსხვავებული და კიდევ იმიტომ, რომ ეპოქალური გარდატეხის ჟამი დგებოდა.
გამორჩეული პუბლიკაცია და სატელევიზიო ეთერი
გამორჩეული იყო გაზეთ „დრონში“ აფხაზეთის პრობლემატიკისადმი მიძღვნილი ციკლი, რომელიც შემდეგ წიგნადაც გამოვეცი. ტელევიზიაში მუშაობის დროს დაუვიწყარი ეპიზოდი იყო1989 წლის 26 მაისი, როცა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი. იმ დღეს „მოამბის“ გამოშვება დავამთავრეთ ეკრანზე მსხვილი შრიფტით აკრეფილი ტექსტით: „გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს!“ ეს მოხდა მაშინ, როცა თავისუფლება ჯერ კიდევ ოცნების სფერო იყო, დამოუკიდებლობამდე კი – ბურუსით მოცული წელიწადნახევრი დარჩენილი.
რჩევები ახალბედა კოლეგებს
ტელეჟურნალისტიკა დღეს განსაკუთრებით პოპულარული, მე ვიტყოდი, მოდურიც გახდა. ახალბედა კოლეგებს, რომელთა უმეტესობას არც ზოგადი განათლება უწყობს ხელს და ვერც გამართული ქართულითა და მეტყველებით დაიკვეხნიან, თანდათან ავიწყდებათ ცნებები – პროფესიული ოსტატობა, მოკრძალება და ზრდილობა. მათ მინდა ვურჩიო, რომ მეტი დრო დაუთმონ პუბლიცისტიკას. წერონ საგაზეთო სტატიები და ბლოგები, შეეჭიდონ სიტყვას და ასე გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.
„იყავით სამართლიანები, მოკრძალებულები და თავმდაბლები“
გახსოვდეთ, რომ პროფესია თქვენგან აქტუალური ინფორმაციის მაქსიმალური სისწრაფით მოპოვებას, დამუშავებასა და გავრცელებას მოითხოვს. ამასთან, არ უნდა დაგავიწყდეთ ფაქტების, თარიღების, საკუთარი სახელებისა და ტოპონიმების გადამოწმება. სხვაგვარად ბევრ უხერხულობას შეიქმნით და სასაცილო მდგომარეობაშიც აღმოჩნდებით.
„დაუმეგობრდით წიგნებს“
ამით წერის კულტურასაც დახვეწთ, მეტყველებასაც გამართავთ და უვიცობით გამოწვეული კურიოზებისგანაც დაზღვეული იქნებით. ყოველთვის იყავით მზად იმისთვის, რომ დაეხმაროთ ადამიანებს, მათ, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდებათ. სიკეთეს ემსახურეთ!..