„ფაქტი, რომ ადეიშვილი იყო მიწვეული ჰააგაში და მას მისცეს ის პლატფორმა, სადაც მას საპატიოდ დახვდნენ, არის სრულიად მიუღებელი და ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს. ეს ეწინააღმდეგება სამართლიანობის და კანონის უზენაესობის აღქმას”, – ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის ფოტოებიდან ჩამოჭრას დადებითად აფასებს.
„რაც შეეხება მისი კადრების ჩამოჭრას თუ მისი ფოტოს გაქრობას, ეს ერთი მხრივ კარგია. როგორც ჩანს, ეს დისკომფორტს ქმნის, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანი მხილებულია უმძიმეს დანაშაულში. თუ ასეთი სამართლიანობის სიმბოლოა ადეიშვილი, მაშინ ან რატომ ჩამოჭრეს, მით უმეტეს მიწვეული, ან რატომ გადამალეს? კი, ეს სწორია, როდესაც უნდა რცხვენოდეთ ასეთ ადამიანთან ერთად სამართლიანობაზე და, მით უმეტეს, კანონის უზენაესობაზე საუბრის“, – მიიჩნევს ოხანაშვილი.
ჰააგაში, საერთაშორისო კონფერენციაზე „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის“ „ქრონიკის“ გამოჩენის შემდეგ ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კამერას დაემალა. მან აღარ ისარგებლა ცენტრალური გასასვლელით. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა კი სოციალურ ქსელში დადებული ფოტოების ნაწილი, სადაც ადეიშვილი ჩანდა, წაშალა, ფოტოების ნაწილზე კი ის ჩამოჭრეს. უკრაინის ყოფილმა პროკურორმა „ქრონიკის“ კითხვები უპასუხოდ დატოვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით ჰოლანდიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა.