„საქართველოს განვითარების ფონდი” ბიზნეს ასოციაციებთან, რომლებიც ადგილობრივ მსხვილ და საშუალო ბიზნეს სექტორებს აერთიანებენ, შეხვედრებს მართავს. შეხვედრების მიზანი შესამაბის ბიზნეს სექტორთან ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, რეფორმირებული ფონდის მიმდინარე საქმიანობისა და განახლებული საინვესტიციო სტრატეგიის გაცნობაა.
ამჯერად, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორ ლევან ვეფხვაძესთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა, რეფორმირებული ფონდის პრიორიტეტებიდან და საინვესტიციო პროექტების მასშტაბიდან გამომდინარე, ასოციაციის წევრ ბიზნეს სექტორებთან ფონდის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ „საქართველოს განვითარების ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი დიმიტრი ხორავა და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე, აკაკი საღირაშვილი.
ბესიკ ბუგიანიშვილმა რეფორმის შედეგად ფონდში განხორციელებულ ინსტიტუციონალურ ცვლილებებზე, ფონდის დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებსა და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ისაუბრა. ფონდის საინვესტიციო პრიორიტეტებსა და სტრატეგიულ მიმართულებებზე, ასევე საინვესტიციო პროექტებში ფონდის თანამონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს დიმიტრი ხორავამ გააცნო.
თავის მხრივ, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების ძირითადი სეგმენტისა და ბიზნეს მიმართულებების შესახებ ისაუბრა. მან მზადყოფნა გამოთქვა ფონდსა და ასოციაციის წევრ კომპანიების წარმომადგენლებს შორის სხვადასახვა ფორმატის შეხვედრის გამართვის თაობაზე, რაც მათ ინფორმირებულობას მეტად უზრუნველყოფს.
„საქართველოს განვითარების ფონდმა“ მსგავსი ფორმატის შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის და ადგილობრივი საფინასო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. ქვეყნისთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დარგების განვითარების მიზნით, ფონდი შესაბამის სექტორთან შეხვედრებს შემდგომშიც გააგრძელებს.