12 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინის შემუშავებისა და სამუშაოების შესყიდვის მხარდამჭერი საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად ტენდერი მიმდინარეობს
12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის მიზნით, კონცეპტუალური დიზაინის შემუშავებისა და სამუშაოების შესყიდვის მხარდამჭერი საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად ტენდერი მიმდინარეობს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერში მონაწილეობის სურვილი 11 საერთაშორისო კომპანიამ და კომპანიათა გაერთიანებამ დააფიქსირა.
„არაერთხელ გვისაუბრია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით დაგეგმილია 12 მეტროსადგურის განახლება-რეაბილიტაცია. ამ პროექტის განსახორციელებლად, ჯამში, დაახლოებით, 55 მლნ ევრო გამოიყოფა. სრულად განახლდება 12 მეტროსადგურის ინტერიერი; შეიცვლება სამი და მოდერნიზდება 30 ესკალატორი; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გაუმჯობესდება მეტროსადგურების ხელმისაწვდომობა; განახლდება სადრენაჟე, ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო, მგზავრთა საინფორმაციო და სატელეფონო კავშირის სისტემები; შეიცვლება ესკალატორებისა და ელექტრომექანიკური დანადგარების საკონტროლო და მართვის პანელები; მომზადდება პროექტები დანარჩენი მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე ტენდერის ამ ეტაპზე ფასდება ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები, რათა შედგეს ე.წ. მოკლე სია (Short list) და ტენდერი მომდევნო ეტაპზე გადავიდეს, რომელიც ფინანსური წინადადებების განხილვასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას გულისხმობს.
„გამარჯვებული კომპანიის მიერ კონცეპტუალური დიზაინის შემუშავებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, გამოცხადდება კიდევ ერთი ტენდერი დეტალურ პროექტირებასა და სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებზე. ამ ტენდერის გამოცხადებას წლის ბოლოსთვის ვვარაუდობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.