დიმიტრი ხუნდაძე: კანონი გამჭვირვალობის შესახებ აუცილებლად იქნება მიღებული და ქართველ ხალხს ეცოდინება, თუ რომელი ქვეყანა რა მიზნით და რამდენს ხარჯავს საქართველოში
„კარგი საქმის მკეთებელს სიმართლის არ უნდა ეშინოდეს და ხალხისთვისაც დასამალი არაფერი უნდა ჰქონდეს“, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე მმართველი გუნდის მიერ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირებას. ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ხალხმა უნდა იცოდეს, უცხოეთიდან შემოსული ფული რაში და რა მიზნით იხარჯება.
„საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა წარვადგინოთ კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ. შარშან საზოგადოება მოტყუებით გამოიყვანეს ქუჩაში და წაუკითხავად გააპროტესტებინეს კანონი, რომელიც თავად ხალხს აძლევდა მეტის ცოდნის საშუალებას, მაგრამ დღეს ეს ტყუილი აღარ გაჭრის. ხალხმა იცის ისიც, რომ სიტყვა „რუსული“ მხოლოდ მათ მოსატყუებლად გამოიყენა ოპოზიციამ და ახლაც იმავე სიცრუის ტირაჟირებას ცდილობენ, ხოლო კონკრეტულად რა არის რუსული, ამაზე დღემდე ვერაფერს ამბობენ. სწორედ ამიტომ იყო მათი მთავარი მოთხოვნა – არ წავიკითხოთ და ისე გავაპროტესტოთ! განვმარტავთ კიდევ ერთხელ, რომ კანონი ეხება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციას და მედიას, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა (არ ეხება სპორტულ ფედერაციებს, ასევე არ ეხება ფიზიკურ პირებს – სტუდენტებს, ფერმერებს, უცხოეთიდან ემიგრანტებისგან ინდივიდუალურ ჩარიცხვებს). ორგანიზაციას ექნება ვალდებულება, ყოველი წლის იანვარში მოახდინოს წინა წლის შემოსავლების და ხარჯების დეკლარირება იუსტიციის სამინისტროში.
კანონი გამჭვირვალობის შესახებ აუცილებლად იქნება მიღებული და ქართველ ხალხს ეცოდინება, თუ რომელი ქვეყანა რა მიზნით და რამდენს ხარჯავს საქართველოში. ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც უცხოურ ფულზეა დამოკიდებული, ეშინია გამჭვირვალობის. ჩვენ კი გვსურს, ყველაფერი იყოს ნათელი, რაზეც ევროპაშიც ზრუნავენ. კარგი საქმის მკეთებელს სიმართლის არ უნდა ეშინოდეს და ხალხისთვისაც დასამალი არაფერი უნდა ჰქონდეს“, – წერს ხუნდაძე.