„გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი. გამჭვირვალობა და რუსული, როგორც სიტყვები არის ანტონიმები და მათ ვერანაირი საერთო ვერ ექნება“ – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
რატი იონათამიშვილი მმართველი პარტიის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
იონათამიშვილის თქმით, იმ ადამიანებისგან, ვინც ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს რუსულ სასამართლოს უწოდებს, ცხადია არაფერი უნდა გაგვიკვირდეს.
„ოპოზიციას, სინამდვილეში, არც ქალთა უფლებები ადარდებს, არც ადამიანის უფლებები და არც ბავშვთა უფლებები. როგორც ჩანს, არც მოქალაქეთა და საზოგადოების ინტერესები არ არის მათთვის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება გამჭვირვალობის პრინციპს, გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი და გამჭვირვალობა და რუსული, როგორც სიტყვები არის ანტონიმები და მათ ვერანაირი საერთო და კავშირი ვერ ექნება. იმ ადამიანებისგან, ვინც ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს რუსულ სასამართლოს უწოდებს, ცხადია ჩვენ არაფერი უნდა გაგვიკვირდეს. ეს არის ამ ადამიანების სახე. არ მეგონა მამუკა მდინარაძის ბრიფინგიდან ორ საათში ასეთ მძიმე დღეში იქნებოდა ოპოზიცია, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ“- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.