leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან დავითაშვილი: ჩვენი პროგნოზია, რომ 2024 და მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და ერთ სულ მოსახლეზე მშპ 23100 ლარს გადააჭარბებს

„ეკონომიკური ზრდის კუთხით 2024 წელი მნიშვნელოვნად პოზიტიური და დამაიმედებელი ტენდენციებით დაიწყო. კერძოდ, იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.7%-ს გაუტოლდა, მათ შორის თებერვალში 9.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, – ქვეყნის მთავარი ეკონომიკური მაჩვენებელის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსცლისას ისაუბრა.

ლევან დავითაშვილმა დეპუტატებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების და სტატისტიკური მონაცემების შესახებ. როგორც მან აღნიშნა,  მნიშვნელოვანი საგარეო გამოწვევების და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა მდგრადობა და ევროპისა და ფართე რეგიონის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჩვენა. კერძოდ, ბოლო სამი წლის განმავლობაში (2023 წელს, 2020 წელთან შედარებით) დოლარში გამოხატული მშპ ერთ სულზე თითქმის გაორმაგდა და 2023 წელს  8 210 დოლარი შეადგინა, ხოლო ლარში გამოხატული მშპ ერთ სულზე 21 575 ლარი იყო.

„ამასთან, ჩვენი მოლოდინი და პროგნოზია, რომ 2024 და მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2024 წლისთვის 23100 ლარს, 8500 აშშ. დოლარს გადააჭარბებს. 2023 წელს საქონლის ექსპორტის  რეკორდული მოცულობა 6.1 მილიარდი აშშ დოლარი დაფიქსირდა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.3%-ით გაიზარდა (608.7 მლნ აშშ დოლარით) და ასევე რეკორდულ მაჩვენებელს – 4.1 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მდგრად დონეზე ნარჩუნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და საქართველოს მშპ-სთან მიმართებით რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ბოლო სამ წელიწადში ქვეყანაში დაახლოებით 5 მილიარდი აშშ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2023 წლის მდგომარეობით, ასევე გაუმჯობესდა  მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც და მშპ-თან მიმართებით 4.3% შეადგინა (2022 წელს – 4.5%), ასევე ნარჩუნდება მისი დაფინანსების ჯანსაღი სტრუქტურა.  2023 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2.5%-მდე (ფისკალური წესით განსაზღვრულ 3%-ზე ნაკლები), ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ს 39.3%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება ინფლაციის დონეს – 2023 წლის აპრილიდან მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება, ხოლო 2023 წლის საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5% შეადგინა. ამასთან, ბოლო 10 თვის განმავლობაში ინფლაციის დონე 1 %-ზე ნაკლებს შეადგენს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2024 წლის იანვარ-მარტშიც, წინა წლის მსგავსად, ევროპისა და რეგიონის მასშტაბით, საქართველოში ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.  რაც შეეხება  უმუშევრობის დონეს – 2023  წელს ის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, ასევე დაფიქსირდა დასაქმების რეკორდული მაჩვენებელი, 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და 1 მილიონ 335 ათასი შეადგინა.

„პოზიტიურ ტენდენციებს ხელი შეუწყო გონივრულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რეფორმების განგრძობადობამ და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართულმა მთელმა რიგმა ღონისძიებებმა.  ამასთან, უმუშევრობა და სიღარიბე კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შესაბამისად, ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად  მიზანს სწორედ დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

ასევე იხილეთ