პარლამენტის ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე საგანმანათლებლო პროექტის „საქართველო და ევროკავშირი“ მონაწილეებს შეხვდა. იგი ახალგაზრდებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებებზე, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პარლამენტის როლზე.
არჩილ თალაკვაძე მოსწავლეებს ევროინტეგრაციის პროცესში ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე, ევროკავშირის ინსტიტუტებზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების როლზე ესაუბრა.
„ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ენთუზიაზმით სავსე მოვედი, თუმცა მეტი ოპტიმიზმით და დადებითი შთაბეჭდილებით ვასრულებთ დღევანდელ დღეს. ეს თაობა საოცრად კარგად არის მომზადებული და გათვითცნობიერებული საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების და ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. ძალიან საინტერესო არგუმენტაცია ჰქონდათ თუ რატომ იმსახურებს საქართველო ევროპული ოჯახის წევრობას და რა მოლოდინები აქვს ევროპას ჩვენგან“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„საქართველო და ევროკავშირი“ საგანმანათლებლო პროექტს ევროპასთან ინტეგრაციის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტები, პარლამენტის სასწავლო ცენტრის ჩართულობით ახორციელებს.
ოთხდღიანი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტი ამჯერად 15 სკოლის 30-მდე ახალგაზრდას მასპინძლობს.