„ევროპის დემოკრატიის ფონდი“ არის განსაკუთრებული შემთხვევა. ეს ორგანიზაცია შექმნილია ევროკავშირის მიერ, ფინანსდება ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და შეგიძლიათ შეხვიდეთ მათ ვებგვერდზე – ნული ინფორმაციაა, თუ რა პროექტებს აფინანსებენ ამა თუ იმ ქვეყანაში”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ეს ორგანიზაცია შექმნილია სპეციალურად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, მის „ბორდში“ არიან ევროპარლამენტის წევრები, მათ შორის ისეთებიც, ვინც ცნობილია ჩვენი საზოგადოებისთვის მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობით. მე მქონდა საუბარი ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ საკითხებში ჩახედულები არიან. როდესაც ეს წუხილები გავუზიარე, შემდეგ შეხვედრაზე მან მითხრა, რომ დაინტერესდა ამ საკითხით, ნახა პროექტების სია და დამეთანხმა, რომ ნამდვილად ჩანს, რომ დაფინანსებულია პოლიტიკური ხასიათის პროექტები. მე ვუთხარი, რომ გასაგებია და იქნებ მეც მაჩვენონ ეს სია. მითხრა, რომ ვერაო – ევროკავშირის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა უთხრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ხალხს. აი, ასე „ვერას“ და „არას“ გვეუბნებიან ამის გამჟღავნებაზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.
კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.