მამუკა მდინარაძე: როცა გამჭვირვალობა გაუმჭვირვალობით იცვლება, ხელისუფლება ვალდებულია ამ „გადაგდების“ საპირისპიროდ თქვას თავისი სიტყვა
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
„[დაფინანსება] ისედაც გამჭვირვალეა“ არის ყველაზე ყალბი ნარატივი, იმიტომ რომ არანაირი ვალდებულება დეკლარაციის შევსების მსგავსი დეტალიზაციის შესახებ ქართულ კანონმდებლობაში დღეს არ არსებობს. ფინანსთა სამინისტროს იშველიებენ და იქ მსგავსი ვალდებულებები არ არის. მიეთითება მხოლოდ თანხის რაოდენობა. სხვა მსგავსი ვალდებულება არ არსებობს დონორის ვინაობის, თანხის რაოდენობის და ა.შ. მითითების შესახებ”, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაგალითად 3 ამბავი მოიყვანა, რომელიც, მისი თქმით, გაუმჭვირვალობის მტკიცებულებაა – „კანვასის“ ტრენინგი, „თბილისი პრაიდის“ სემინარი და „მთავარი არხის“ გრანტი. მან აღნიშნა, რომ სამივე შემთხვევაში ორგანიზატორებისა და დამფინანსებლების განმარტებები ღონისძიებების მიზნების, მათ ფარგლებში განხილული საკითხებისა და დაფინანსების მიზნების შესახებ ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.
„ჩვენ გვაქვს 3 კონკრეტული საქმე. ყველა შემთხვევაში გავრცელებული ინფორმაცია, გრანტის მიმცემის ინფორმაცია, თავად ორგანიზატორების პოზიცია სცდებოდა ერთმანეთს. სად არის გამჭვირვალობა?
ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ აღარ ვუბრუნდებით კანონს, ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც გადათქვამს თავის ნათქვამს დაკარგავს ხელისუფლებას, ძვირად დაუჯდება. მაგრამ მეორე მხარეს შესასრულებელია პირობა და ეს პირობა კი არ შესრულდა, პირიქით, გაუარესდა მდგომარეობა. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა გამჭვირვალობა გაუმჭვირვალობით იცვლება, ხელისუფლება ვალდებულია ამ „გადაგდების“ საპირისპიროდ თქვას თავისი სიტყვა“, – აღნიშნა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა წარადგინოს.