„მონური დამოკიდებულება უნდა მოვიშოროთ. ევროპელები, ზოგადად დასავლეთი ჩვენი მეგობარია და არა უფროსი, ეს უნდა შევიგნოთ“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკამ მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მდინარაძე „ღია საზოგადოების ფონდში” არასამთავრობოების შეკრებაზე ნინო ლომჯარიას სატელეფონო საუბრის შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს და აღნიშნავს, რომ „საინტერესოა ლომჯარიამ თავად დაასახელოს ვის ესაუბრებოდა“.
მისივე განცხადებით, რადგან ნინო ლომჯარია კომენტარს არ აკეთებს, ესე იგი ინფორმაცია რეალურია და რადგან ინფორმაცია რეალურია, ისიც რეალურია რომ მათ მხოლოდ გარედან დავალებების მიღების იმედი და რაღაცნაირად დალაგების იმედი აქვთ, რომ ამან აღაშფოთოს ქართული საზოგადოება.
„ეროვნული თავმოყვარეობა უნდა მივიყვანოთ იქამდე, რომ შევიგნოთ, რომ ყველაფერი, რაც დამოუკიდებლობასთან არის დაკავშირებული, როგორც ესენი ამბობენ რუსული კი არ არის, არის ქართული თავმოყვარეობიდან გამომდინარე და როდესაც მათ რამე გაუჭირდებათ და ეგრევე გარეთ რეკავენ, ეს არის მონური, საბჭოთა სტილის დამოკიდებულება“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.