top_leaderboard

სოზარ სუბარი: ფრანგულ კანონში, ჩამონათვალში, საიდანაც მოდის საფრთხეები, მათ ამერიკა პირველ ადგილზე დააყენეს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე შარშანდელ საერთაშორისო გამოხმაურებებთან შედარებით, ამჯერად მოზომილი გამოხმაურებებია, მაგრამ უსამართლო და აბსოლუტურად მიუღებელი ქართული სახელმწიფოსთვის,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო გამოხმაურებები დისკრიმინაციული და უსამართლოა, რასაც საქართველო არ შეეგუება.

„იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ზუსტად ისე, როგორც საფრანგეთი, ევროპის სხვა ქვეყნები, ასევე, ევროკავშირი იცავს, საჭირო კი არა, აუცილებელი გახდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება.

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ახლახან მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და თქვეს, რომ ამ კანონის მიღება საჭირო გახდა იმისთვის, რომ დაიცვან სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები. ფრანგმა კანონმდებლებმა საფრთხეები, რომელიც უცხოური დაფინანსებიდან მომდინარეობს, გააიგივეს ტერორიზმის საფრთხესთან. ჩვენი ოპოზიცია კი ცდილობს, მხოლოდ რუსეთსა და ჩინეთს მიაბან ეს კანონი. ფრანგმა კანონმდებლებმა ყველაზე მეტად ხაზი გაუსვეს საფრთხეებს, რომლებიც ამერიკული დაფინანსებიდან მომდინარეობს და შემდეგ ჩამოთვალეს რუსეთი, ყატარი, ირანი, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, თურქეთი, რომელიც ნატოს წევრია. მათ არ უხსენებიათ ჩინეთი და არა იმიტომ, რომ ჩინურ ან ავსტრალიურ თანხებს არ გააკონტროლებენ, არამედ ჩამოთვალეს ისინი, ვინც ამ წუთას უქმნის საფრთხეს და ამერიკა პირველ ადგილზე დააყენეს. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკა არის საფრანგეთის სტრატეგიული პარტნიორი და არ ყოფილა არცერთი ომი, ერთ მხარეს რომ არ ყოფილიყვნენ.

ფრანგულ კანონში, რა თქმა უნდა კონკრეტულად ნახსენები არ არის რომელიმე ქვეყანა, რადგან ყველას ეხება, თუმცა ჩამონათვალში, საიდანაც მოდის საფრთხეები ამერიკა პირველ ადგილზე დააყენეს. ეს ჩამონათვალი გააკეთა მაკრონის პარტიის წევრმა და ეროვნული ასამბლეის, სამართლის კომისიის თავმჯდომარემ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, შარშანდელ საერთაშორისო გამოხმაურებებთან შედარებით, ამჯერად მოზომილი გამოხმაურებებია, მაგრამ უსამართლო და აბსოლუტურად მიუღებელი ქართული სახელმწიფოსთვის. ეს გამოხმაურებები ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ღირსებას. უსამართლო არის იმიტომ, რომ როცა საფრანგეთი იღებს კანონს, რომელიც სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს და უსაფრთხოების სამსახურებს ეძლევათ ფართო უფლებამოსილებები, და ამ ფონზე ჩვენთან მხოლოდ იმას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ვალდებულება, წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნონ დაფინანსება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. ამ ფონზე ჩვენ გვებრძვიან, და ამბობენ, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტი არის ანტიდასავლური ნაბიჯი. ეს არის დისკრიმინაციული, უსამართლო მიდგომა, რასაც ჩვენ არ შევეგუებით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე იხილეთ