ნინო წილოსანი: მეგობრები ზემოდან არ გიყურებენ და თანასწორად გიღებენ, ამიტომ რაც მათთან კანონია, ჩვენთან ვერ იქნება რუსული
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს Facebook-სტატუსით ეხმაურება.
„ნაცების და „ენჯეოების“ 4 ტყუილი! გამჭვირვალობის მოწინააღმდეგეები დილიდან ამ ბანერს ავრცელებენ. ამ ლოგიკისგან დაცლილ პოსტულატებზე პასუხი მარტივია:
1. ამერიკაში და ისრაელში, ახლა უკვე ევროდირექტივით, ხოლო საფრანგეთში ინიცირებული პროექტით, ეს ქვეყნებიც რუსულ კანონს ამკვიდრებენ?
2. რატომ არის საერთაშორისო მეგობრობა წინააღმდეგი, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყოფილი მათი ფონდები იყოს გამჭვირვალე, რამე დასამალია?
3. ევროკავშირი საბჭოთა კავშირი არ არის და ქვეყნების სუვერენიტეტს პატივს სცემს
4. მეგობრები ზემოდან არ გიყურებენ და თანასწორად გიღებენ, ამიტომ რაც მათთან კანონია, ჩვენთან ვერ იქნება რუსული“, – წერს ნინო წილოსანი.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.
კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.