top_leaderboard

კონსერვატიული მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა”: საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, არ ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის ინტერესებს

„საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, არ ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის ინტერესებს”, – ამის შესახებ კონსერვატიული მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

კონსერვატიული მოძრაობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში დაინიცირების საკითხის მომხრეა და ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.

„კონსერვატიული მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ მიესალმება მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელმეორედ ინიციირებასთან დაკავშირებით.

ჩვენ, გასული წლის მარტშიც ღიად ვუჭერდით მხარს აღნიშნული კანონის მიღებას, რადგან მყარად ვართ დარწმუნებული, რომ აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნაა საქართველოში შემოსული უცხოური ფულის წარმომავლობისა და განკარგვის გამჭვირვალობა.

საზოგადოება წლებია აკვირდება, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, არ ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, პირიქით − მათი საქმიანობა მომართულია ეროვნული ინტერესების, სახელმწიფო ინსტიტუტების, სუვერენიტეტისა და ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ. ეს ყველაფერი განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი და მათი დონორების, შესაბამისად დამკვეთების უმთავრესი ინტერესი გახდა საქართველოს ომში ჩართვა.

მილიონობით დოლარი, რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა პოზიტიური მიზნობრიობით იფუთება, რეალურად ხმარდება რევოლუციური პროცესების ხელშეწყობას; ისეთი დესტრუქციული ორგანიზაციების დაფინანსებას, როგორიც არის „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“, „დროა“ და ა.შ. საზოგადოებამ იხილა USAID-ის მიერ დაფინანსებული ტრენინგი, რომელსაც რევოლუციებსა და ქუჩის არეულობებში დახელოვნებული ორგანიზაციების − „კანვასისა“ და „ოტპორის“ წარმომადგენლები ატარებდნენ. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ ცუდი პრაქტიკიდან, რაც წლების განმავლობაშია დამკვიდრებული“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

მათივე განცხადებით, არასამთავრობო სექტორი საქართველოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებია.

„არასამთავრობო სექტორი პარტიებზე არანაკლები ინტენსივობით მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ ისინი გვახსოვს რევოლუციურ ბარიკადებზე, ალტერნატიული მთავრობის შემადგენლობაში და სხვა დესტრუქციული პროცესების ავანგარდში. ეს ყველაფერი ხორციელდება უცხოური დაფინანსებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი საქართველოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლები არიან და ლოგიკურია, რომ კანონმდებლობაში ასეც ეწოდებოდეს ისეთ ორგანიზაციებს, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან მოდის.

რაც შეეხება გასულ წელს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ასევე დიდი ფულის, უცხოელი აქტორების უხეში ჩარევის და ცრუ პროპაგანდის საშუალებით მოხდა მასობრივი არეულობების გამოწვევა, მიგვაჩნია, რომ დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული კონტექსტი − როგორც გლობალური თვალსაზრისით, ასევე შიდა პოლიტიკური განზომილებით.

საზოგადოება გაცილებით მეტად არის ინფორმირებული და ფუჭი იქნება შიდა თუ გარე ძალების მხრიდან ხალხის მოტყუების ნებისმიერი მცდელობა. ცრუ პროპაგანდას ხელს შეუშლის ის მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომ რამდენიმე თვის წინ ევროკომისიამ, ევროკავშირში დანერგვის მიზნით წარადგინა კანონპროექტი უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ და ის შეფასებულია, როგორც დემოკრატიის დაცვის აუცილებელი ინსტრუმენტი“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ასევე იხილეთ