top_leaderboard
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: იმედგამაცრუებელია, რომ კონფერენციაზე, სისხლის სამართლის დამნაშავე ადეიშვილი ვნახეთ

ჩვენთვის მთავარი მიზანი არის, რომ ზურაბ ადეიშვილი დააკავონ და საქართველოს გადმოსცენ. ნახეთ, რომ ჰააგაში, რომელიც მართლმსაჯულების ერთ-ერთი დედაქალაქია, ეს წამების შემქმნელი თავისუფლად გადაადგილდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის რომ სისხლის სამართლის დამნაშავე იმყოფება კონფერენციაზე, რომლის თანაორგანიზატორი ევროპული კომისიაა, ეს ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

„იცით, რომ პროკურატურამ ნიდერლანდებს მიმართა რომ დააკავონ და გადმოგვცენ, მე როგორც ვხვდები ეს არ მოხდა. როგორც კი მექნება შესაძლებლობა, რომ ნიდერლანდების ელჩს შევხვდე, ვიკითხავ რა პროცედურებია ამ საკითხთან დაკავშირებით ჰოლანდიაში. ზოგადად იმედგამაცრუებელია, რომ კონფერენციაზე, რომლის თანაორგანიზატორი იყო ევროპული კომისია, სტუმრების რანგში სისხლის სამართლის დამნაშავე ვნახეთ და ამ კრიმინალის გვერდით ისხდნენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები. ეს, რა თქმა უნდა, ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რომელსაც ევროკავშირთან ვიზიარებთ. მათ უნდა სცოდნოდათ ვის იწვევდნენ და ვინ არის მოწვეულთა სიაში და როდესაც კრიმინალები არიან მოწვეულთა სიაში და იქ მართლმსაჯულებაზე საუბრობენ, რა თქმა უნდა, ვერ დავიჯერებთ ასეთი მსჯელობის გულწრფელობას. ჩვენ ბრიუსელის იგივე კაბინეტებიდან გვეუბნებიან ხოლმე, რომ ქართველებო, შემოიღეთ კვალიფიციური უმრავლესობა, ქართველებო, ჩაატარეთ ვეტინგი, მართალია, ევროკავშირში არცერთი ქვეყანა არც კი იფიქრებს, რომ უცხოელებს დაანიშნინოს საკუთარი მოსამართლეები, მაგრამ ჩვენ თქვენი კონტექსტი ვიცით და ამიტომ გააკეთეთ ვეტინგი. ეს ხალხი, ამ კაბინეტებიდან გვესაუბრებიან ამ ტერმინოლოგიით, რომ უცხოელებმა ჩვენი კონტექსტი იციან კარგად. რა აღმოჩნდა, რომ კონტექსტი კი არა, ისიც კი არ იცოდნენ, რომ მაგიდის გადასწვრივ სისხლის სამართლის დამნაშავე ზურაბ ადეიშვილი ეჯდათ. თან როგორი დამნაშავე, რომელმაც წამების სისტემა შექმნა და შექმნა სახელისუფლებო სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაზე და წამებაზეა დამყარებული. ამის შემდეგ, როდესაც იგივე კაბინეტებში გვეტყვიან, რომ თქვენი კონტექსტი ვიცით და ამიტომ ეს გააკეთეთო, ჩვენ ხომ ვეტყვით, როგორ იცით ჩვენი კონტექსტი, როდესაც ისიც არ იცით ზურაბ ადეიშვილი ვინ არის და რას ნიშნავს ის ქართული კონტექსტისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ