leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი: ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ნებისმიერი საჯარო ფინანსები არის გამჭვირვალე

„საზოგადოებაში უკვე ლეგიტიმური კითხვებია, რატომ არის საჯაროობა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„ამ ქვეყანაში და, საერთოდ, დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არსებობს ფინანსები, ქვეყნის შიგნით აკუმულირებული თუ გარედან შემოსული, რომელიც არ არის საჯარო, გამჭვირვალე და აღრიცხული. ეს არის ფუძემდებლური პრინციპი, რომლითაც, ათეული წელია, ცხოვრობს ყველა დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფო. არა მარტო ბოლო წლებში მიიღეს და ბოლო წლებში ხდება საფრანგეთში, ევროკავშირში, ინგლისში ლობიზმსა და სხვა ამგვარ საკითხებზე კანონმდებლობის გამკაცრება, არამედ ათეული წელია, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ნებისმიერი საჯარო ფინანსები არის გამჭვირვალე, აღრიცხული და სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის ნათელი. აქედან გამომდინარე, ელემენტარული პრინციპია, რომელიც საქართველოში ბოლომდე უნდა დამკვიდრდეს, მეტი არაფერზე არაა საუბარი.

საუბარი არის მხოლოდ იმაზე, რომ თანხები, რომლებიც გამოყოფილია საჯარო ინტერესებისათვის, იყოს საჯარო. დემოკრატიის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლა როცა იწყება, შემთხვევით ამოტივტივებული კონკრეტული ფაქტები გვაჩვენებს, რომ შესაძლებელია, საჯაროდ დეკლარირებული თანხები, რეალურად, სულ სხვა მიმართულებით გამოიყენებოდეს. აქედან გამომდინარე, რომ არ არსებობდეს კითხვები, ცდუნება, საჯაროობის პრინციპი თანაბრად უნდა იყოს დაცული, საზოგადოების ყველა სეგმენტზე გადანაწილებული. სწორედ ამისთვის არის საჯაროობა საჭირო“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

ასევე იხილეთ