მისი სახელი პოპულარულ საბჭოთა ბრენდს „პიონერფილმს“ უკავშირდება, თუმცა მან ისიც მოახერხა, რომ 21-ე საუკუნის ბავშვებისთვისაც საინტერესო, მისაღები და თანამედროვე პერსონა გახდა. ეს გრიშა ჩიგოგიძეა, რომელსაც ბევრი თაობის ადამიანი სიყვარულით ისევ „გრიშა მასწ“-ით მიმართავს. 82 წლის ასაკში ძალიან კარგ ფორმაშია და საკუთარ თავზე ასე ხუმრობს ხოლმე: „გერმანიიდან ჩამოყვანილი ძველი „მერსედესივით“ ვარ, გარედან ლამაზია რომაა და შიგნით არეული, მაგრამ მთავარი ძრავა და ხარისხიანი საწვავია და ისიც კარგად და დიდხანს იმუშავებს“.
მანაც დიდხანს, 65 წლის მანძილზე აზიარა ნამდვილ კინოს ბევრი ბავშვი. მოსწავლეების გადაღებული ფილმებით უნიკალური არქივი შექმნა. რაც მთავარია, ბავშვებმა მისგან კინოს გარდა, ნამდვილი, ღირებული ურთიერთობების ფასი ისწავლეს…
– გრიშა მასწ, რადგან ყველა ასე მოგმართავთ, ნება მომეცით, მეც არ დავარღვიო ეს ტრადიცია…
– ამას წინათ რუსთაველის თეატრში ვიყავი და ყველა მართლა ასე მესალმებოდა – გრიშა მასწ, როგორ ხართო? ეს ამბავი ძალიან მახარებს. თეატრის ფოიეში მსახიობი გურამ ჯაში შემხვდა და იმანაც გრიშა მასწო, – ასე მომმართა. მოკლედ, კარგია, რომ ჩემს მიმართ დამოკიდებულება არ იცვლება.
– შეიძლება ითქვას, რომ „გრიშა მასწიც“ თქვენი ერთ-ერთი საპატიო ტიტულია. ამას გარდა თქვენ ხართ – კულტურის დამსახურებული მუშაკი, ღირსების ორდენისა და მედლის კავალერი, სსრკ სახალხო მეურნეობის გამოფენის ვერცხლის მედალოსანი. ისე, რატომ ვერცხლის?
– აბა, ოქროს მედალს მხოლოდ მწველავებს აძლევდნენ და… სსრკ-ს სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე „პიონერფილმის“ წარმატებები საქართველომ წარადგინა. ამას გარდა, რამდენიმე ასეულ კინომოყვარულთა სტუდიას შორის კავშირში ლენინური კომკავშირის პრემია მხოლოდ ჩვენ მოგვენიჭა – მაშინ ეს ძალიან დიდი ფაქტი იყო. კიდევ ვარ – თბილისის და ამერიკის ქალაქ ჩატანუგას საპატიო მოქალაქე. სხვათა შორის, ამერიკაში ექვსჯერ მყავდა „პიონეფილმელები“ ჩაყვანილი.
– ბოლოს ბავშვებთან ერთად სად იყავით?
– რუსთაველის თეატრში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა „ქართული ანიმაცია 100 წლისაა“. ნიკა წულუკიძემ მითხრა, რომ ბილეთები სულ გაიყიდა, ამიტომ მე და 20 ბავშვი გენერალურ რეპეტიციაზე მიგვიწვია. მათ თავისი საყვარელი ანიმაციური ფილმები ნახეს და ყველამ ძალიან ვისიამოვნეთ. მე თვითონ გამორჩეულად მიყვარს „ჩხიკვთა ქორწილი“, რომელსაც კომპოზიტორ მერი დავითაშვილის საოცარი მუსიკა ალამაზებს. ეს ანიმაციური ფილმი რომ გამოვიდა, მეექვსე კლასში ვიყავი. პიონერთა სასახლეში 12 წლის ასაკში მივედი. მაშინ, როცა სასახლეში დავდიოდი, შემოქმედებითი ცხოვრება დუღდა.
– მართალია, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს პიონერის სახელი ერქვა, მაგრამ მისი საქმიანობა შორს იყო საბჭოთა იდეოლოგიისგან…
– ასეცაა, ჩვენ არ ვიყავით ფსევდოპატრიოტები და ვერც ვიქნებდით, რადგან სასახლეში საუკეთესო მასწავლებლები გვყავდა. ესენი იყვნენ: გულბაათ აბელიშვილი, ფაცია პაიჭაძე, ვახტანგ სულაქველიძე და სხვები. ჩვენი დირექტორი, შალვა ბერიანიძე ყველა ბავშვს უყვარდა. სასახლეში გამოდიოდა გაზეთი „გაზაფხული“, მუშაობდა „ინტერკლუბი“, მაშინ დაარსდა „პიონერფილმი“, ასევე სასახლის გუნდი და ანსამბლი, რომლის წევრებთან დღესაც ვმეგობრობ.
– ყოფილი „პიონერფილმელები“ წარმატებით საქმიანობენ სხვადასხვა სფეროში, ვის გაიხსენებთ?
– ჩვენი ბავშვები დღეს სხვადასხვა ტელევიზიებში მუშაობენ. „პიონერფილმელები“ არიან: პოპულარული „გაბუნიას შოუს“ პროდიუსერი სალომე კენჭუაშვილი, ჟურნალისტი ნინო შუბლაძე, რომელიც ჩვენთან მესამე კლასიდან დადიოდა. ასევე ჩვენიანია: საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი ოპერატორი კახა ბუხრაშვილი, სახასიათო ტელემსახიობი თემურ მჟავია, ნინი ბიჩინაშვილი „რუსთავი-2“-დან, პოლიტიკოსებიდან ყოფილი „პიონერფილმელები“ არიან – ლაშა ჟვანია, ჰერმან საბო და ბექა ოდიშარია, მწერალი ბასა ჯანიკაშვილი. სხვათა შორის, ჩვენი პედაგოგები მაია ლანდია და ვახტანგ ჯოჯუაც „პიონერფილმელები“ არიან. ახლახან სასახლეში მუშაობა მაშო გიგილაშვილმა და ნიკა ზუბაშვილმა დაიწყეს. მოკლედ, აფრიკის გაუვალ ჯუნგლებში რომ ჩავიდეთ, ალბათ ვინმე „პიონერფილმელს“ იქაც აღმოვაჩენთ.
– ვინ არიან ისინი, ვინც გეხმარებათ?
– ძალიან გვეხმარებიან: სერგო ბუიღლიშვილი, გია ჩაჩუა, გია კერესელიძე, კიდევ გია მამულაშვილი, რომელსაც განთქმული ავტომუზეუმი აქვს. ამას წინათ საჩუქარი ამერიკიდან ცნობილი ჟურნალისტის, ნანა ღონღაძისგან მივიღეთ. ყველასი დიდი მადლობელი ვართ. ისიც მინდა ვთქვა, რომ მთელი ჩემი საქმიანობის მანძილზე ვგრძნობ ჩემი ლამაზი მეუღლის, ნინოსა და შვილების, ილიას და ნიკას მხარდაჭერას და მათაც მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის.
– ვიცი, რომ რაიონების ბავშვებსაც არ ივიწყებთ…
– ჩვენ ყოველ წელს ჩავდივართ სხვადასხვა რაიონებში და „კინოქალაქ სინემას“ ვაყალიბებთ. უკვე ვიყავით ხარაგაულში, ხონში და თერჯოლაში. ჩვენი მიზანია, ადგილობრივ კინომოყვარულებთან ერთად გადავიღოთ ფილმები, გადაღებული ფილმები განვიხილოთ, საინტერესო ადამიანებს შევხვდეთ. წელს ჭიათურაში მივდივართ. მიხარია, რომ სასახლის ტრადიცია გრძელდება, ძველი ურთიერთობები კი არ იცვლება.
– იმდენად კარგად იცნობთ ბავშვებს, დარწმუნებული ვარ, რაიმე „საიდუმლო“ ჟესტების ენა გექნებათ ან პაროლი…
– რას გეტყვით, იცი? თუ დააკვირდით, ტელევიზიაში როცა გამოვდივარ ან რაიმე შეხვედრაზე ვარ, ყოველთვის ლურჯი ბაფთა მიკეთია. ბავშვებმა მთხოვეს, რომ სულ მეკეთოს. როცა ეკრანზე გამოვდივარ, საუბრის დროს ბაფთას ვისწორებ ხოლმე და ამით ბავშვებს ვანიშნებ, რომ მათ ვესალმები.
– თქვენი სლოგანი-დევიზიც გაქვთ?
– ყველა დროის „პიონერფილმელის“ დევიზი ასეთია: „თუ გინდათ ვიყოთ ნაკრები, „მე“-ზე ვიფიქროთ ნაკლები!“ „პიონერფილმელებისთვის“ მთავარი არის -„ჩვენ“, რადგან ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართ და ყოველთვის ასე იქნება!