ანრი ოხანაშვილი: ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს ისეთი ტიპის ბიუროკრატიას, რომელიც ამ ორგანიზაციების საქმიანობას შეაფერხებს
“მათ (არასამთავრობო ორგანიზაციებს) რაღაც აღელვებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეიძლება, ფინანსური დეკლარაციის საზოგადოებისთვის წარდგენაზე უარი თქვან”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ „გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ კანონპროექტის ერთადერთი მიზანია, რომ საზოგადოებამ ლეგიტიმურად იცოდეს, რა თანხა შემოდის ჩვენს ქვეყანაში და რა მიზანს ხმარდება ეს თანხა.
„ჩვენ ამ კანონპროექტით ფიზიკურ პირებს არ ვეხებით, ამაზე მანიპულაციას ხშირად აქვს ადგილი, მაშინ როდესაც ეს ეხება ორგანიზაციებს და მაშინ როდესაც ეს კანონპროექტი არის ევროკავშირში წარმართული დისკუსიის ანალოგი (ევროკავშირში აქტიური დისკუსია მიმდინარეობს მსგავსი კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით). მათ რაღაც აღელვებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ფინანსური დეკლარაციის საზოგადოებისთვის წარდგენაზე უარი თქვან. ეს ხალხი ამბობს, რომ ისინი მათ ვებგვერდზე ინფორმაციას ათავსებენ, მაგრამ არ სურთ, რომ დეკლარაციის სახით წარედგინონ საზოგადოებას ანგარიში. მათ ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია არის ძალიან ზოგადი და მშრალი ინფორმაცია.
ესეც მათ ნება-სურვილზეა დამოკიდებული, ხვალ რომ მათ თქვან რომ აღარ სურთ ამ ზოგადი ინფორმაციის გავრცელებაც კი, არ არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც მათ დაავალდებულებს, რომ საზოგადოებას ანგარიში წარიდგინონ ფინანსური აქტივების შესახებ. რაც შეეხება იმას, როცა გადაწყვეტენ თავად რა სახის გრანტის დეკლარირება უნდა მოახდინონ შემოსავლების სამსახურში, ესეც არის ფინანსური საიდუმლოება და ამაზე მოქალაქეებს წვდომა ვერ ექნებათ. ცალკე საკითხია კიდევ რა ტიპის ინფორმაციას უგზავნიან შემოსავლების სამსახურს, რადგან აქაც დიდი სივრცეა მათი მხრიდან, რომ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდონ, გარკვეული კი – არა.
ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე ისეთი ტიპის ბიუროკრატიას, რომელიც ამ ორგანიზაციების საქმიანობას შეაფერხებს. რა თანხა მიიღო ორგანიზაციამ, რა მიზნით, რა პერიოდში, რა მიზნით ხარჯავს, რა შედეგი მიიღო და როგორ არის ადმინისტრირებული – ამის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითვალისწინებს ეს კანონპროექტი. პირდაპირ წერია კანონპროექტის პირველ მუხლში, რომ ამ კანონპროექტის მიზანი არ არის რომელიმე ორგანიზაციის საქმიანობის შეფერხება და მითუმეტეს მათ საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩარევა.
ამ კანონპროექტის ერთადერთი მიზანია, რომ საზოგადოებამ ლეგიტიმურად იცოდეს, რა თანხა შემოდის ჩვენს ქვეყანაში, რა მიზანს ხმარდება ეს თანხა და ხომ არ აქვს კონკრეტულ ორგანიზაციას ინტერესი, რომ კონკრეტული თანხები არ გაასაჯაროონ. თუ ეს ორგანიზაციები ამბობენ, რომ ყველაფერი აქვთ გასაჯაროებული, რა არის მაშინ პრობლემა, რომ თავი მოუყარონ ამ ინფორმაციას და საზოგადოებას გააცნონ?“, – განაცხადა ოხანაშვილმა.