“გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ ჰგავს არც ერთ კანონს. მთავარი განმასხვავებელი ამ კანონის არის ის, რომ არ ეხება არც ერთ ფიზიკურ პირს და არის ყველაზე მეტად ლიბერალური”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის კანონპროექტით გათვალისწინებული „პირველი დონის გამჭვირვალობის მიღწევაც კი მიუღებელია“.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც მდიდარ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვეძახით, აღვირახსნილ აგიტაციაზე არიან გადასული. ბულიტების სახით ჩამოყალიბებულ, აბსოლუტურ ტყუილებს აწვდიან საზოგადოებას. ეუბნებიან, რომ თუკი მათი საქმიანობის ყოველწლიური დეკლარაცია გასაჯაროვდება, ეს დაანგრევს ქვეყანას, აღარ შეგვიშვებენ ევროკავშირში, რადგან როგორც ამბობენ, ეს გამჭვირვალობა ევროკავშირისთვის მიუღებელია. ასევე ამბობენ, რომ ეს შეეხება ყველას, პენსიონერს ავადმყოფს, შშმ პირს, ფერმერს, სტუდენტს – აი, საერთოდ აპოკალიფს ხატავენ, სწორედ იმის გამო, რომ მათი ფინანსური საქმიანობის ანგარიში გამჭვირვალე არ იყოს. აქ უკვე საზოგადოება ფიქრდება იმაზე, რომ რატომ? რის გამო?“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.