top_leaderboard
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: დაგვპირდნენ, რომ უცხოური დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე იქნებოდა, თუმცა მოგვატყუეს

“თავის დროზე, შარშან, ჩვენ დაგვპირდნენ, რომ საქართველოში უცხოური დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე იქნებოდა, თუმცა ჩვენც და ქართველი ხალხიც მოგვატყუეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირას“ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.

„რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა ამერიკის დემოკრატიის ფონდის ხელმძღვანელობასთან. თავიდან მათ განაცხადეს, რომ გამჭვირვალობის პრობლემა არ აქვთ – ინფორმაციას ვებ-გვერდზე აქვეყნებდნენ. მივუთითე, რომ ვებ-გვერდზე 2021, 2022 წლის მონაცემები არ ჰქონდათ. მითხრეს, რომ ეს ტექნიკური საკითხია და გამოსწორდება. ჩვენ მაშინ ასე შევთანხმდით, ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე, რომ ისინი მოგვაწვდიდნენ ინფორმაციას, თუ რა პროექტებს აფინანსებდნენ და მათ საჯაროს გახდიდნენ. ამ შეხვედრის შემდეგ კომუნიკაცია იყო ჩემს კაბინეტსა და მათ მთავარ ოფისს შორის. დაიწყეს გადამისამართება ხან ერთთან, ხან თქვეს, რომ მეორე თანამშრომელია პასუხისმგებელი, შემდეგ მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მან ისაუბრა, რომ გარკვეული ფონდები საქართველოში აფინანსებდნენ ისეთ კამპანიას, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებას ეხებოდა“.

„როდესაც უცხოური ორგანიზაცია, სტუმარი, ჩამოდის სხვა ქვეყანაში, ხარჯავს ფულს, ისე, რომ საზოგადოებას არც კი აბარებს ანგარიშს, თუ რაში ხარჯავს. გაირკვა, რომ სწორედ ფონდების დაფინანსებული იყო კამპანია, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებას ეხებოდა და ძალადობას ქადაგებდა – ძალადობის წამქეზებელი კამპანია იყო. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია ჩვენი რეაქცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა სქემაზე, რომლითაც საქართველოში პარტიები მათ მიერ შექმნილი „ენჯეოების“ მეშვეობით ფინანსდებიან.

„ეს არის სქემა, მოფიქრებული იმისთვის, რომ გვერდი აუარონ კანონმდებლობას. როგორც ჩანს, გარკვეული გამოსავალი ნახეს, რომ გვერდი აუარონ უცხოეთიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვას, რაც არის სტანდარტი ყველა ქვეყანაში. საფრანგეთში გერმანიამ რომ პარტიები დააფინანსოს, ამას ისეთი სკანდალი მოჰყვება და ისეთი კანონმდებლობის მიღება, რომ მონაგონი იქნება ის კრიტიკა, რომელიც დღეს არის“, – დასძინა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

ასევე იხილეთ