top_leaderboard

„The Washington Post“: ტრამპმა კერძო საუბარში განაცხადა, რომ უკრაინას აიძულებს, ყირიმი და დონბასი რუსეთს დაუთმოს, რითაც ომს დაასრულებს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კერძო საუბარში განაცხადა, რომ შეუძლია უკრაინაში ომის დასრულება. ამის შესახებ „The Washington Post“-ს წყარომ განუცხადა.

გამოცემის ინფორმაციით, ტრამპმა აღნიშნა, რომ კიევზე ზეწოლას გაზრდის, რათა უკრაინამ ყირიმი და დონბასი რუსეთს დაუთმოს. წყაროს ცნობით, ტრამპი ამბობს, რომ რუსეთს და უკრაინას კონფლიქტიდან გამოსვლა სჭირდებათ, მაგრამ „სახის შენარჩუნება“ უნდათ. ამასთან, ტრამპი ვარაუდობს, რომ უკრაინის ზოგ რეგიონში ხალხი არ იქნება წინააღმდეგი, გახდეს რუსეთის ნაწილი.

„WP“-ის მონაცემებით, ტრამპის გეგმები უკრაინასთან მიმართებაში ნოემბერში გახდა ცნობილი, მემკვიდრეობის ფონდის შეხვედრაზე. წყაროს ცნობით, ტრამპის გეგმა მისმა ყოფილმა თანაშემწემ თეთრ სახლში, მაიკლ ანტონმა გაამხილა. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ უკრაინა დათმობს ყირიმსა და დონბასს, ნატო-ს გაფართოება კი შეიზღუდება, რაც პუტინს ჩინეთზე მზარდი დამოკიდებულობის შესუსტებისკენ უბიძგებს. თუმცა მარტში ანტონმა გამოცემას განუცხადა, რომ ტრამპთან 18-24 თვე არ უსაუბრია და არ არის ინფორმირებული მისი გეგმების შესახებ.

„The Washington Post“ წერს, რომ ომის დასრულების ტრამპის ვარიანტი რადიკალურად შეცვლის აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოლიტიკას, რომელიც აქცენტს უკრაინის მხარდაჭერაზე და რუსეთის აგრესიის შეზღუდვაზე აკეთებს. ამასთან, ტრამპის მომხრეების ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინის რეგიონებზე კონტროლის დამყარება პუტინის გავლენის სფეროს გაზრდის და ამიტომ, ცდილობენ, ტრამპი გადაარწმუნონ.

ტრამპის წინასაარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ ნებისმიერი ვარაუდი მისი გეგმის შესახებ ეყრდნობა „დაუსახელებელ და არაინფორმირებულ წყაროებს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება და რა მოხდება“. „პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთია, ვინც მკვლელობების შეწყვეტაზე საუბროს“, – განაცხადა წინასაარჩევნო შტაბის პრეს-მდივანმა კეროლაინ ლივიტმა.

2023 წელს ტრამპმა განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი გახდება, ომს უკრაინაში 24 საათში დაასრულებს.

 

ასევე იხილეთ