„მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგაპროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ახალი აეროპორტი ვაზიანში აშენდება.
„პირველი საკითხი უკავშირდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს. 6 აპრილს გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგაპროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 4,5 მილიონი მგზავრი. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა ტურიზმის სფეროში. მომავალშიც მოსალოდნელია ვიზიტორთა რაოდენობის სწრაფი და თანმიმდევრული ზრდა, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ.
ჩვენ განვიხილეთ ორი ალტერნატიული ვარიანტი. ერთი გულისხმობდა არსებული აეროპორტის გაფართოებას, მეორე გულისხმობდა ახალი აეროპორტის მშენებლობას ვაზიანში. გაფართოების ხარჯი იყო დაახლოებით 900 მილიონი დოლარი, ახლის აშენების ფასი 1 მილიარდ 260 მილიონი დოლარი. გაფართოება იძლეოდა საშუალებას, რომ მგზავრთა ნაკადი გაგვეზარდა მაქსიმუმ 15 მილიონ მგზავრამდე და შემდგომი განვითარების პერსპექტივა აღარ იყო. რაც შეეხება ახალი აეროპორტის მშენებლობას, ახლის მშენებლობა გვაძლევს 19 მილიონამდე მგზავრების რაოდენობის გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი აეროპორტი იქნება სრულ შესაბამისობაში უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან.
„არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები და ამის შემდეგ, რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი გათვლებით ექნება ძალიან სერიოზული ეკონომიკური ეფექტი“. 0,2 პროცენტული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკის ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში წლიურად, საშუალოდ დაახლოებით 350 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, იმისთვის, რომ მოამზადა ეს პროექტი. ახლა მთავარია, რომ სათანადოდ წავიდეთ წინ და უზრუნველვყოთ ჩვენი ქალაქი და ქვეყანა ულტრათანამედროვე ახალი აეროპორტით“, – განაცხადა პრემიერმა.