ირაკლი კობახიძე: დემოკრატიაში სწორედ გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება არის ის ღირებულებები, რომელიც უნდა იყოს განმსაზღვრელი, ამიტომ მაქსიმალურად დავიცავთ როგორც ერთ, ისე მეორე პრინციპს
„გაირკვა, რომ „ფეისბუქში“, სოციალურ მედიაში, ცენზურას ახორციელებენ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტ პარტიებთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, ესაა „factcheck“ და „მითების დეტექტორი“, ანუ გვარებით რომ ვთქვათ, სერგი კაპანაძე, თამარ კინწურაშვილი, ყველამ იცით ეს სახელები და გვარები“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად დაიცავს როგორც გამჭვირვალობის, ისე სიტყვის თავისუფლების პრინციპს.
„ეს ადამიანები, თავის დროზე როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ხელისუფლებასთან პირდაპირ აფილირებულნი, თავად აწარმოებდნენ ცენზურას მედიასაშუალებებში, დღეს ამის საშუალება მათ აღარ აქვთ ამ მასშტაბით, თუმცა სადაც შეუძლიათ, იქ აწარმოებენ ამ ცენზურას, ეს არის სოციალური მედია, რაც გაირკვა ამ დღეების განმავლობაში და საინტერესო ის არის, რომ ჩვენს ოპონენტებს შორის ამ ცენზურას მოყვა ძალიან დიდი პოზიტიური აჟიოტაჟი. ეს აჩვენებს ხელწერას და ეს აჩვენებს ღირებულებებს, ანუ გაუმჭვირვალობა და ცენზურა არის ამ ადამიანებისთვის ევროპა, ასე წარმოგვიჩენენ და საპირისპირო განცხადებები რაც არის, თქვენ ძალიან კარგად იცით. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია როგორც გაუმჭვირვალობა, ასევე ცენზურა. მიგვაჩნია, რომ დემოკრატიაში სწორედ გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება არის ის ღირებულებები, რომელიც უნდა იყოს განმსაზღვრელი, ამიტომ მაქსიმალურად დავიცავთ როგორც ერთ, ისე მეორე პრინციპს, ორივე ღირებულებას, ესენია გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება,“- განაცხადა პრემიერმა.