top_leaderboard
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც ერთი წლის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდა, მიხვდა, რომ შეცდომაში შეიყვანეს

„ოპოზიცია საზოგადოების მოტყუებას, როგორც ერთი წლის წინ, ასე ვეღარ შეძლებს. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც ერთი წლის წინ ამ კანონპროექტს აპროტესტებდა, მიხვდა, რომ შეცდომაში შეიყვანეს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„სიმართლე ექვს გვერდზეა. სიმართლის წაკითხვას ათი წუთი სჭირდება. ამ კანონპროექტიდან რატომ არცერთ სიტყვას ან წინადადებას არ აპროტეტებენ? იმიტომ, რომ არაფერია გასაპროტესტებელი, ზუსტად ანალოგიური ტექსტი, სათაურის ჩათვლით, ევროპარლამენტში დევს. ამბობენ, რომ ევროკავშირს უნდა, ევროკავშირის სახელმწიფოები ნებისმიერი სხვა ქვეყნისგან დაიცვას. ანალოგიურად ვამბობთ ჩვენც, რომ საქართველოც უნდა იყოს დაცული შავი ფულის გათეთრებისგან. მსოფლიოში შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ პოლიტიკა მიდის და გაუგონარია, რომ საქართველოში ოპოზიცია და ენჯეოსექტორი ხელს უწყობს, რომ საქართველოში შავი ფული გათეთრდეს. ქართული საზოგადოება ამის წინააღმდეგი იქნება და ამიტომ ამ კანონს მივიღებთ.

სამწუხაროა, რომ ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში პარლამენტსა და მის გარეთ არიან ოპოზიციონერები, რომელთაც წერა-კითხვა ეზარებათ და საზოგადოებასაც მოუწოდებენ, კანონი არ წაიკითხონ. ეს ზუსტად ამას ნიშნავს – საკუთარ პატრონებს წერა-კითხვის გარეშე ემორჩილებიან. „ლელოსი“, და არა მხოლოდ მისი, განაცხადია, რომ არ შევლენ შინაარსში და ისე დაემორჩილებიან მათი პატრონის, არქიფო სეთურის გადაწყვეტილებას ევროკავშირის რომელიმე სტრუქტურიდან. რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას წინასაარჩევნოდ ისეთ საქართველოს სთავაზობს, სადაც უცხოური ძალა დანიშნავს მოსამართლეებს, უცხოური და შავი ფული იქნება ქვეყანაში გაუმჭვირვალე, სუვერენიტეტი იქნება შელახული და უცხოური ძალები „ენჯეოების“ მეშვეობით დააკომპლექტებენ ტექნიკურ მთავრობას. ბუნებრივია, ასეთ საქართველოს ქართული საზოგადოება არ მიიღებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ