leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამთა მეგრელიშვილი “გამჭვირვალობის კანონზე”: დოკუმენტი არის მარტივი, 11-მუხლიანი კანონპროექტი, ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ, საიდან იღებენ თანხებს და რა მიზნით ხარჯავენ მას

“ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, მთავრობის სხდომაზე გახმოვანებულ გადაწყვეტილებებს სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ ყველა მათგანი ქვეყნის წინსვლისთვის საჭირო საკითხია.

მისივე თქმით, ლოგიკურია, რომ პრემიერ-მინისტრი “გამჭვირვალობის კანონსაც” შეეხო, ვინაიდან გაუმჭვირვალე თანხების ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით შემოდინებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ვერ იქნება დუმილის მდგომარეობაში.

“საქართველოს მთავრობის საქმიანი საქმე გრძელდება, მთავრობის კაბინეტის სხდომაზე გაჟღერდა ქვეყნის წინსვლისათვის აუცილებელი საკითხები უკვე კონკრეტული ხედვითა და გადაწყვეტით გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივაზე.

კერძოდ, თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, რადგან დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა დაახლოებით 4-4.5 მილიონი მგზავრია და ის აღარაა საკმარისი იმ ფონზე როცა გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა ტურიზმის სფეროში და მოსალოდნელია მომავალშიც ვიზიტორების სწრაფი და თანმიმდევრული ზრდა, სწორედ ამიტომ ამას ფეხი უნდა აუწყოს ბუნებრივია ინფრასტრუქტურამ.

ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტიის შესახებ. ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდმეწარმეებს (145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება) სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.

ამ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ კვლავ აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა.

ეკონომიკურ საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალურ ათვისებას უკავშირდება. მთავრობის მიერ შარშან მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება 800 მგვტ ჯამური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტების განხორციელება. დღეისთვის უკვე არის დადგენილი კონკრეტული საშუალო მედიანური ფასი თითოეულ კატეგორიაში, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ენერგეტიკული პროექტების განხორციელება. ეს მთავრობას აძლევს შესაძლებლობას მეტი განახლებადი ენერგიის იდენტიფიცირებისა და მეტი ჯამური დადგმული სიმძლავრის ათვისების მიზნით ენერგეტიკულ სექტორს შესთავაზოს პროექტების განხორციელება ფიქსირებული ტარიფის მიხედვით, რომელიც განისაზღვრება კონკურენტუნარიან გარემოში აუქციონის შედეგად. ეს მიდგომა ძალიან მომგებიანი იქნება ენერგეტიკული სექტორისთვის და განხორციელებული პროექტების კონკურენტუნარიანობას შეუწყობს ხელს. ეკონომიკის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს ნორმატიული ბაზის შემუშავება ამ მიზნით.

ლოგიკურია, გაუმჭვირვალე თანხების ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით შემოდინებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ვერ იქნება დუმილის მდგომარეობაში. ამიტომ პრემიერი ასევე შეეხო “გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს”.

შემოთავაზებული დოკუმენტი არის ძალიან მარტივი, 11-მუხლიანი კანონპროექტი, რომელიც ეროვნულ მიზანს ემსახურება, კერძოდ, იმას, რომ კონკრეტულმა ორგანიზაციებმა წარადგინონ და დოკუმენტურად დაასაბუთონ, თუ საიდან იღებენ თანხებს და რა მიზნით ხარჯავენ მას. ამაში უკანონო არაფერია და ამ პრაქტიკას მიჰყვებიან სამართლებრივად ბევრად უფრო განვითარებული ქვეყნებიც.

საზოგადოებისთვის შემდეგი შინაარსის მიწოდება, რომ გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება არის რუსული

ტყუილია, ცენზურა და გაუმჭვირვალობა არის მართლაც რუსული.

არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი არ არის, მათ ოფიციალურ გვერდებზე არ მოიპოვება ინფორმაცია დონორის მიერ გადმორიცხული თანხების ხარჯვის შინაარსზე და სახელმწიფომ და საზოგადოებამ დადასტურებულად არ იცის, რა მიზნით გამოიყენება თანხის დიდი ნაწილი.

ასევე, მოგონილი ნარატივი, რომ სიმართლე და გამჭვირვალობა რუსულია, თავის თავს ეწინააღმდეგება. კანონის მოწინააღმდეგეთაგან არცერთი არ შემოდის შინაარსობრივ განხილვაში და და სიტყვები – ეს რუსული კანონია, მათთვის მხოლოდ იარაღია, თავი აარიდონ დისკუსიას და დამალონ სიმართლე.

ქართული სახელმწიფო განვითარებისა და უსაფრთხოებისათვის საქმიანად უპირისპირდება ამ მიზნის წინააღმდეგ გაერთიანებულ ძალებს ქვეყნის გარეთ თუ შიგნით.

დაანონსებული პროექტები შესრულდება, კიდევ მრავალი პროექტი შესასრულებელ დღის წესრიგში ჩაეშვება, კანონპროექტიც სამართლებრივად დასრულებულ სახეს მიიღებს და ეროვნული ღირსების განცდით ქართულ სახელმწიფოს კიდევ არაერთი პოლიტიკური შესაძლებლობების გზა გაეხსნება, მათ შორის, ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისაკენ.

ეს აგენტურა კი, რომელიც ამ კანონპროექტს ეწინააღმდეგება და შავ ფულს “აზის”, საბოლოოდ მხილებულნი იქნებიან ყველა დონეზე და საზოგადოება მორიდების გარეშე დაარქმევს მათ სახელს”, – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ