leaderboard_below_slide
left_sabechdi

ქალაქში, სადაც მზე არ არის და სულ წვიმს – ცხოვრება მაინც მშვენიერია…

ბათუმის დრამატული თეატრის ამ სპექტაკლში ოთხი პერსონაჟია, ოთხივეს თავისი სიმართლე აქვს, ოთხივე ბედნიერებისკენ მიმავალ თავის გზას ეძებს. ეს გზა კი ტკივილსა და იმედაცრუებაზე გადის. ძალიან რეალისტური სპექტაკლის „როცა გადაუღებლად წვიმს“ სიუჟეტი იმდენად დაძაბულია, რომ ემოციებით გადავსებული მაყურებელი ტაშის დაკვრისთვისაც ვერ იცლის…

მალხაზ ასლამაზაშვილი ერთდროულადაა – კინომსახიობი, რეჟისორი, მწერალი, მთარგმნელი და ტელესცენარისტი. უცხოურ დრამატურგიას ხშირად მიმართავს, მაგრამ პიესებს, როგორც წესი, არა მარტო თარგმნის, ქართულ სინამდვილესაც ზუსტად არგებს ხოლმე. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც…

 

– ბატონო მალხაზ, მარტინ მაკდონას პიესას ,,ლინეინის სილამაზის დედოფალი“– ბათუმისთვის შესაფერისი სახელი -„როცა გადაუღებლად წვიმს“, შეგნებულად მოარგეთ?

-შეიძლება იქვას, რომ ეს ირლანდიური პიესა, ფაქტობრივად, თავიდან დავწერე, ოღონდ, მისი მთავარი სიუჟეტური ხაზი შენარჩუნებულია. ეს არის პიესის ჩემეული, ლიტერატურული ვერსია. რაც შეეხება სპექტაკლის სახელწოდებას, ის არა მარტო ბათუმს, მთელ საქართველოსაც მოვარგე. მთავარ მოქმედ გმირებს ისეთი სახელები შევურჩიე, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშიც შეიძლება ადამიანებს ერქვათ.

გასაგებია, რომ სპექტაკლი წვიმაზე არ არის…

სპექტაკლში მინდოდა დამთრგუნველი გარემო ყოფილიყო, ანუ ადგილი, სადაც სულ წვიმს და მზე იშვიათად გამოდის. მასში ოთხი პერსონაჟია, რომლებიც ლტოლვილებით დასახლებულ პატარა ქალაქში ცხოვრობენ. მთავარი პერსონაჟი ფსიქოლოგიურად შეშლილი ქალია, მაგრამ მისი ამგვარი მდგომარეობის მიზეზი პიესაში ცოტა დაუჯერებლად მომეჩვენა – დედანში ეს გმირი იმის გამოა ასე, რომ თურმე უცხოეთში დასცინოდნენ. სპექტაკლში – ჩემს გმირს სახლში შეუვარდნენ და გააუპატიურეს, მამა მოუკლეს. ეს არის ამბავი ძალადობაზე ოჯახში, სადაც შვილის ბედნიერება გაეგოისტებულმა მოხუცმა დედამ შეიწირა.

– ეს მცირე სცენაზე სპექტაკლის დადგმის პირველი მცდელობაა თქვენთვის?

– დიახ, მცირე სცენაზე სპექტაკლი არასოდეს დამიდგამს. შარშან სამხატვრო ხელმძღვანელმა ნუკრი ქანთარიამ დამიძახა, რომ სპექტაკლი დამედგა. მაშინ დიდ სცენაზე პიერ შენოს  „მილიონერის ანდერძი“ დავდგი. ახალ პიესას კი დიდ სცენაზე ვერ დავდგამდი. მცირე სცენას სხვანაირი სირთულე ახლავს და აქ განსხვავებული ხერხი უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

– ბათუმში თუ იცხოვრებდით?

– სიამოვნებით ვიცხოვრებდი და აქედან არც წამოვიდოდი. ბათუმის თეატრი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რადგან აქ ნიჭიერი მსახიობებისგან შემდგარი დასია. მათთან მუშაობა ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. ისინი ყველაინაირ ამოცანას ადვილად ართმევენ თავს. მადლობელი ვარ ნუკრი ქანთარიასი, მსახიობების და ბათუმელი მაყურებლის, რომელმაც ჩემი ორივე სპექტაკლი ასე კარგად კარგად მიიღო.

– მაყურებელთან დაკავშირებით რაიმე მომენტი რომ არ გახსენდებათ?

– ერთ დღეს, გამნათებელთან დავჯექი და მაყურებელს თვალყურს ვადევნებდი. დავინახე, ჩემს წინ მჯდარმა ორმა ქალბატონმა ჯიბიდან ცხვირსახოცი როგორ ამოიღო და ცრემლი მოიწმინდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მიზანს მივაღწიე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბოლო სპექტაკლი პესიმისტურია, მაინც ვფიქრობ, რომ ქალაქში, სადაც მზე არ არის, სულ წვიმს და ტალახია, ცხოვრება მაინც მშვენიერია…

ასევე იხილეთ