2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 22 აპრილის დაიწყება 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება – აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„გასულ წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული და ღირსეული პროფესიის დაფასებისთვის დავაწესეთ მასწავლებლის ეროვნული დღე, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს, ყოველწლიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.
კონკურსი წინა წელს პირველად ჩატარდა და მასში მასწავლებლების ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო. წელს უკვე ვემზადებით რიგით მეორე კონკურსისთვის და 22 აპრილიდან ვიწყებთ პირველ ეტაპს – განაცხადების მიღებას.
2024 წლის კონკურსი უფრო მასშტაბური იქნება – ჩაერთვება კიდევ უფრო მეტი პედაგოგი და საბოლოო ღონისძიებამდე საქართველოს ყველა რეგიონში და მუნიციპალიტეტში გაიმართება სხვადასხვა წინასწარი აქტივობა, რაც უზრუნველყოფს კონკურსის მიმდინარეობის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობას.
მოვუწოდებთ ყველა პედაგოგს, რომ იაქტიურონ. წელს გვექნება გარკვეული სიახლეები. კერძოდ, კონკურსი იქნება შინაარსობრივად მეტად დატვირთული. ჩვენ, სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან ერთად, ვაგრძელებთ მასწავლებელთა მხარდაჭერას და მათი პროფესიის დაფასების მიზნით არაერთი ნაბიჯის გადადგმას.
აღსანიშნავია, რომ წელს, ისევე, როგორც შარშან, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, სპეციალურად შერჩეული კომისიის მიერ, გამოვლინდება გამარჯვებულები, რომელთაც მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემათ“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციას, მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად, 200-ზე მეტი მასწავლებელი, მათ შორის, 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის ინიციატივით, გასულ წელს, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია დაწესდა.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება. ამასთან, ყოველწლიურად საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.