„უზბეკეთთან ჩვენ ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს, თუმცა ამ ურთიერთობების ინტენსივობა ჯერ კიდევ წინ არის, იმიტომ რომ უზბეკეთი არის ძალიან დიდი შესაძლებლობების სახელმწიფო, ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყანა როგორც ცენტრალურ აზიაში, ისე როგორც დამაკავშირებელი ხიდი უფრო შორეულ აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსა და უზბეკეთის ურთიერთობებს აქვს ძალიან დიდი განვითარების პოტენციალი.
„უზბეკეთი ტურისტულადაც ძალიან საინტერესო ქვეყანაა ისევე, როგორც უზბეკეთში ძალიან დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ. ამ მხრივაც, ჩვენი ურთიერთობების ინტენსიფიკაცია არის შესაძლებელი და ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს ძალიან საინტერესო და დატვირთული შეხვედრები ჰქონდა როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ისე სენატში.
„შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო როგორც ინფორმაციების გაცვლის, ისე სამომავლო ურთიერთობების თვალსაზრისით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.