top_leaderboard

სუს-ი დიპლომატების შესაძლო მოწამვლაზე: ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ და სახელმწიფო დეპარტამენტმაფაქტები არ დაადასტურეს. უსაფუძვლო ვერსიაა

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება ბოლო პერიოდში კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამერიკელი დიპლომატების ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ. ინფორმაციის წყარო კი, უცხოური ჟურნალისტური გამოძიება გახდა, რომლის თანახმად, ამერიკელი დიპლომატების მიმართ თითქოს „ჯანმრთელობის ანომალიურ ინციდენტს“ ჰქონდა ადგილი“, – ამის შესახებ სუს-ი განცხადებას ავრცელებს.

„მედიასაშუალებებში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შესაბამის რეაგირებამდე გარკვეული დროის განმავლობაში, კიდევ ერთხელ გადაამოწმა აღნიშნული ფაქტები და დამკვიდრებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დაელოდა საქმესთან უშუალო შემხებლობაში მყოფი პარტნიორი მხარის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ისეთმა კომპეტენტურმა უწყებებმა, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და სახელმწიფო დეპარტამენტი, თავადვე ეჭვქვეშ დააყენეს შემოთავაზებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგების რეალურობა და არ დაადასტურეს ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ფაქტების არსებობა არა მარტო საქართველოში 2021 წელს, არამედ სხვადასხვა წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში, პოლონეთში, კუბაში და სხვ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ რეაგირებას სავსებით ამომწურავად მიიჩნევს, რითაც სრულად დაკმაყოფილდა საზოგადოების ინტერესი და თვლის, რომ არსებული ვერსიის უსაფუძვლობის ხელახლა მტკიცება საჭირო არ არის.

სამწუხაროა, რომ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ამომწურავი განმარტების მიუხედავად, საქართველოში მაინც აღმოჩნდნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ცალკეული პირები და მედიასაშუალებები, რომლებიც შეეცადნენ ეს საკითხი, როგორც ყოველთვის, გამოეყენებინათ სპეკულაციებისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობისთვის.

აქვე გვსურს საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ რეგიონში მომატებული გამოწვევების ფონზე უსაფრთხოება ქვეყანაში დაცულია მაქსიმალურ დონეზე, რაც გამოიხატა კიდეც ბოლო წლების მშვიდობიან თანაცხოვრებაში“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

 

ასევე იხილეთ