მამუკა მდინარაძე: დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ის ღირებულება, რომლისთვისაც ქართველები იბრძოდნენ საუკუნეების განმავლობაში
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
„ეს არის დღე, რომელიც ასოცირდება ერთი მხრივ დიდ ტკივილთან, რომელიც თან სდევდა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანების დაღუპვას, მეორე მხრივ, ორი წლის შემდეგ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით სიმბოლიზმმა, დიდი სიხარული შესძინა ამ თარიღს“, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან, ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ საქართველო არასდროს დათმობს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.
„ეს არის ამავდროულად გმირობისა და ისეთი მაგალითის დღე, რომელზეც ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ. დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ის ღირებულება, რომლისთვისაც ქართველები იბრძოდნენ საუკუნეების განმავლობაში და ეს არის ჩვენი გენეტიკური კოდი. ქართველი, საქართველო, ქართული საზოგადოება არასოდეს დათმობს არც თავისუფლებას, არც დამოუკიდებლობას. ნებისმიერი რამის ფასად ის შეძლებს, რომ იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და დღევანდელი დღის მაგალითიც ამაში მდგომარეობს“, – განაცხადა მდინარაძემ.
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.