საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 8 აპრილს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 8 აპრილს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გზის სავალი ნაწილის გვერდულზე შენიშნეს ავტომობილი, რომლის მძღოლმაც პოლიციის ეკიპაჟის დანახვისას დაძრა ავტომობილი, შეეჯახა სავალი ნაწილის გვერდულს და სცადა მიმალვა.
პატრულ-ინსპექტორებმა არაერთხელ მოუწოდეს ავტომობილის მძღოლს დამორჩილებოდა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ აღნიშნულ პიროვნებას შეენარჩუნებინა სიმშვიდე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი იქცეოდა აგრესიულად.
მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, ცივი იარაღის დემონსტრირებით, პატრულ-ინსპექტორებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე მყოფ ერთ-ერთ პოლიციელს.
აღნიშნული პირი, რომელიც სხვადასხვა დანაშაულისთვის არაერთხელაა ნასამართლევი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იქნა დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.