leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი ბრეგაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ქართველი ხალხის ბრძოლა სამართლიანობისთვის გრძელდება

ქართველი ხალხის ბრძოლა სამართლიანობისთვის გრძელდება, რომელშიც წარმატების მისაღწევად იმის ცოდნასთან ერთად, რომ მართალი ხარ, აუცილებელია ეს სიმართლე დაამტკიცო, – ასე აფასებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე.

იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველომ სტრასბურგში 2012 წლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ არაერთი გამარჯვება მოიპოვა.

„2012 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დეპორტირებულების საქმეზე, რის შედეგადაც ათი მილიონის კომპენსაცია დაეკისრა რუსეთს, ასევე მიღებული იყო ისტორიული გადაწყვეტილება ომის საქმეზე, რის შემდეგაც ჩვენ, ყველას მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეგვიძლია თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ეს არის სამართლებრივად დადასტურებული ფაქტი. ასევე საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი ყველა საქმე ამოირიცხა წარმოებიდან.

დღეს, ამ სიმბოლურ დღეს, ოფიციალურად დასრულდა კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა სიმართლისთვის საქართველოს გამარჯვებით, ვულოცავ ყველა ქართველს. დღევანდელი გადაწყვეტილებით გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ბორდერიზაციის პროცესის უკანონობას. კონვენციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა დე ფაქტო ორგანოების მიერ დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა და დადგინდა, რომ სისტემატურად ირღვევა სიცოცხლის უფლება, წამების და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, საკუთრების უფლება და ასევე გადაადგილების თავისუფლება.

ამ გამარჯვებას ჰყავს თავისი ბევრი გმირი. მადლობა ჩვენს ყველა თანამშრომელს, ვინც ა საქმეში იყო ჩართული. ასევე მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, გენერალურ პროკურატურას და შსს-ს ასეთი სანიმუშო თანამშრომლობისთვის. რომლის შედეგადაც, საქართველომ, ამ სიმბოლურ დღეს კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯი საბოლოო გამარჯვებისკენ, რასაც ჩვენი ქვეყნის სრული დეოკუპაცია ჰქვია“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ე.წ. „განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

ასევე იხილეთ