რატი ბრეგაძე: ტყუილებით მტკიცება, თითქოს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მტრად აცხადებს ამერიკას ან ევროპას, არის სრული უნამუსობა
„პოლიტიკური პარტიები ახდენენ საკუთარი ფინანსების დეკლალირებას, საჯარო მოხელეებზე ინფორმაცია ყველასთვის ხელმისწავდომია, რატომ არ უნდა იყოს დეკლალირებული მედიაორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები, რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ბრეგაძის თქმით, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ არის არაევროპული, როდესაც საუბარია არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ საკუთარი თანხების დეკლალირებაზე.
„როგორც მოგეხსენებათ, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაორგანიზაციები მონაწილეობენ ადამიანების პოლიტიკური ნების ფორმირებაში. ყოველ შემთხვევაში, ბევრი მათგანი. შესაბამისად, თუ ჩვენ გავყვებით იმ ლოგიკას, რომ მაგალითად, პოლიტიკური პარტიები ახდენენ საკუთარი ფინანსების დეკლალირებას, თითოეული შემომწირველისას, ასევე, საჯარო მოხელეების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისწავდომია, დეკლარაცია განთავსებულია ვებგვერდზე, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ არ უნდა იყოს დეკლალირებული მედიაორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები, რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში. ვფიქრობ, მოსახლეობას აქვს სრული უფლება, ჰქონდეს ინფორმაცია მათი ფინანსების წარმომავლობის შესახებ. უნდა ვიყოთ თანმიმდევრული – როდესაც მაგალითად, ვსაუბრობთ, თითქოსდა ეს კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს, მიჩნდება მარტივი კითხვა და დავუსვამდი ოპონენტებს, თუ იციან მათ, რა ორგანიზაცია არის ევროსაბჭო? არის თუ არა ეს ევროპული ორგანიზაცია? რა თქმა უნდა, კითხვა რიტორიკულია და პასუხი არის – დიახ, ევროსაბჭო არის ერთ-ერთი პირველი ევროპული ორგანიზაცია, რომლის წევრიც მათ შორის არის საქართველო. შემდეგ დავსვამდი კითხვას, იციან თუ არა, რა არის მანივალი, ეს არცთუ ისე რიტორიკული კითხვაა და შეიძლება, ბევრმა არ იცოდეს – ეს არის ევროსაბჭოს შესაბამისი კომიტეტი, რომლის მიზანიცაა, იბრძოლოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ. დავსვამდი ასევე კითხვას, თუ იციან, რა არის მანივალის რეკომენდაცია, რომელზეც ასე ბევრი ადამიანი საუბრობს. მაგალითად, იუსტიციის სამინისტროსთან მიმართებით, მანივალი, რომელიც ნამდვილად ევროპულ ღირებულებებს ემსახურება და აქ თეორიულადაც კი შეუძლებელია ეჭვის შეტანა, პირდაპირ ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროში უნდა ჩამოყალიბდეს ბენეფიციარ-მესაკუთრეთა რეესტრი. განვმარტავ, რომ იურიდიული პირები, რომლებიც იქნებიან რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროში, ვალდებული იქნებიან, წარმოადგინონ ასევე ინფორმაცია იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლის შვილობილ კომპანიასაც ისინი შეიძლება წარმოადგენდნენ. ანუ, ამ რეკომენდაციის თანახმად, ფაქტობრივად, კვლევა მიმდინარეობს საკმაოდ დეტალებში, რათა გარკვეული იყოს, კონკრეტული იურიდიული პირის უკან რომელი ორგანიზაცია შეიძლება იდგეს. ასე შეიძლება ათობით ორგანიზაცია იყოს მოყვანილი. რატომ? იმისთვის, რომ ტერორიზმის დაფინანსებას და ფულის გათეთრებას არ შეეწყოს ხელი. ეს არის ევროპული რეკომენდაცია, რაზეც მნიშვნელოვანწილად იქნება მათ შორის დამოკიდებული საქართველოს ევროპული პროგრესის შეფასება. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ, რომ ეს რეკომენდაცია შევასრულოთ. ევროპული სტრუქტურები მოგვიწოდებენ, რომ რაც შეიძლება გამჭვირვალე იყოს პროცესი ნებისმიერი ორგანიზაციის გარშემო და საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი, რაც შეიძლება ფართოდ ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ ეს არის ევროპული ტიპის რეკომენდაციები, რატომ არის არაევროპული, როდესაც ვსაუბრობთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიაორგანიზაციამ მოახდინოს საკუთარი თანხების დეკლალირება. ამისთვის მათ ვინმე ხომ არ სჯით, არავინ ებრძვის. შესაბამისად, მსგავსი ტიპის არგუმენტები სრულიად გაუგებარია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ამავდროულად, რატი ბრეგაძის განმარტებით, ოპონენტებს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული გამჭვირვალობის კანონპროექტის შინაარსი საერთოდ არ აინტერესებთ.
„ჩვენ ვიხილეთ ოპოზიციის წარმომადგენლების კომენტარები, რომლებიც საუბრობენ, რომ შინაარსი საერთოდ არაა საინტერესო. არა, მეგობრებო, შინაარსი ნამდვილად საინტერესოა და თუკი ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ ნამდვილ, ევროპულ სახელმწიფოში, სადაც ხდება არგუმენტების გაცვლა, აუცილებელია კამათი, მათ შორის დემოკრატიული მეთოდებით, ოღონდ შინაარსზე და არა იმაზე, რომ მე უბრალოდ საერთოდ არ მაინტერესებს, რა იქნება, მთავარია, ეს კანონი საერთოდ არ გავიდეს,მას დავარქმევ რასაც მინდა, როგორც მინდა, ვიტყვი, რაც გამიხარდება და გავავრცელებ ტყუილს. ეს არის ოპოზიციისა და ოპონენტების დღევანდელი მოქმედება, რომლებიც საუბრობენ ამ კანონზე. კეთილი ინებონ და დაასაბუთონ.
პარალელი გავავლე მანივალთან დაკავშირებით, რომელზეც ოპოზიციის ვერცერთი წარმომადგენელი ვერ იტყვის, რომ ეს არ არის ევროპული ორგანიზაცია. ასევე, სრულიად უმგვანო და სამარცხვინო ტყუილია, რომელსაც ავრცელებენ მათ შორის თავიანთ ე.წ. ცნობილ ფეისბუქბანერებზე, სადაც წერია, თითქოსდა კანონი მტრად აცხადებს ამერიკას და ევროპას. ეს ხომ სრული მარაზმია და საერთოდ დაუშვებელია, მოიგონო ტყუილი, თითქოს კანონი მტრად აცხადებს ევროპას და ამერიკას.
ამ ხალხს იმასაც შევახსენებდი, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც მიიღო კონსტიტუციის 78-ე მუხლი, სადაც მოხდა ოფიციალურად, კონსტიტუციურ დონეზე საგარეო პოლიტიკური კურსის დეკლალირება, არათუ მხოლოდ დეკლალირება, ის განისაზღვრა როგორც კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულება. შესაბამისად, ჩემი პირადი შეფასებით, მტკიცება, ასეთი ტყუილებით, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, თითქოსდა უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მტრად აცხადებს ამერიკას ან ევროპას, არის სრული უნამუსობა. ამას სხვა სახელი ნამდვილად არ ჰქვია, ეს კიდევ ყველაზე რბილი ფორმულირებაა, რაც პირადად შემიძლია გამოვიყენო. აქ მაქვს კანონპროექტი, შემიძლია, ვაჩუქო, თუმცა წაკითხვა მათ არ უნდათ, თორემ პარლამენტშიც შეუძლიათ, იხილონ ეს კანონპროექტი, როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური ფორმით, გაეცნონ მას. როგორც თავად აცხადებენ, შინაარსის არც წაკითხვა და არც მოსმენა არ უნდათ. მათ დამშვიდებაზე, რა თქმა უნდა, ვერ იზრუნებს ჩვენი გუნდი, ჩვენი გუნდის საზრუნავი არის, პირველ რიგში, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და დემოკრატიული პროცესების სრულად გამჭვირვალობა“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძის შეფასებით, მას, ვინც საკუთარი ფინანსების დეკლალირების წინააღმდეგია, ალბათ ამის გარკვეული მიზეზიც აქვს.
„მე ამას არ ვამტკიცებ, გამოვხატავ ჩემს მოსაზრებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა დაუმალო ადამიანმა ან ორგანიზაციამ საკუთარი ფინანსები, როდესაც არაფერი გაქვს დასამალი, სრულიად გაუგებარია. ჩემი პირადი მოსაზრებაა, ესეიგი, მათ აქვთ რაიმე დასამალი. წარმოგიდგენიათ, რომ მაგალითად, მე არ გავაკეთო დეკლალირება ან რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ არ წარმოადგინოს დეკლარაცია, რა ამბავი მოჰყვება იგივე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც მაგალითად, მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ იყოს გამჭვირვალე. თუკი ადამიანს მოუწოდებ, რომ იყოს გამჭვირვალე და ამაში ნამდვილად ვეთანხმებით, ჩვენი აზრები ემთხვევა, მაშინ გაუგებარია, რატომ არ უნდა უნდოდეს ნებისმიერ ორგანიზაციას, რომ თავადაც იყოს გამჭვირვალე. ეს ფაქტი არის აუხსნელი და ნამდვილად მრჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ იმ ორგანიზაციას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონპროექტს, თავად აქვს მრავალი რამ დასამალი.
რაც შეეხება ცენზურას, როგორც მოგეხსენებათ, ცენზურა საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია. ეს ნამდვილად საბჭოთა წარსულია, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად დავემშვიდობეთ, თუმცა ის ხალხი, რომელზეც გუშინ საუბრობდა ბატონი პრემიერ-მინისტრი, ნამდვილად ცდილობს, მათ შორის სხვა დიდი პლატფორმებიც შეიყვანოს შეცდომაში და აჩვენოს, თითქოს სამთავრობო გუნდის მხარდამჭერები ავრცელებენ დეზინფორმაციას, რაც ნამდვილად სირცხვილია და საბჭოთა ხელწერაა. შემთხვევით არ ვეძახი ხოლმე ამ გუნდს ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.