ევროკავშირის პარტიებმა და ევროკომისიამ ხელს მოაწერეს კამპანიის წესებს საგარეო ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ
ყველა ევროპულმა პოლიტიკურმა პარტიამ, ევროკომისიის შუამავლობით, ხელი მოაწერა ქცევის კოდექსს, როგორც ფართო ძალისხმევის ნაწილს ივნისის ევროკავშირის საარჩევნო კამპანიის უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციისგან დასაცავად. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „Euractiv“ ავრცელებს.
შეთანხმება, რომელსაც შუამავლობს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა, არის კომისიის დემოკრატიის დაცვის პაკეტის ნაწილი და ცდილობს დაიცვას ევროკავშირის არჩევნები საგარეო ჩარევისა და დეზინფორმაციისგან.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ყველა მხარემ პირობა დადო, რომ „პროაქტიულად აიცილებენ თავიდან იმ ნარატივების გაძლიერებას, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ევროკავშირის გარეთ არსებული სუბიექტები და აქტორები, გარდა წევრი პარტიებისა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ცდილობენ ევროპულ ღირებულებებს ძირი გამოუთხარონ“.
ტექსტის გამოქვეყნება მოჰყვა „კატარგეითის“ და ბოლოს მომხდარ, „რუსეთგეიტის“ სკანდალს, რომელშიც სავარაუდოდ მონაწილეობენ გერმანული პოლიტიკური პარტიის „AfD“ და ევროპარლამენტის წევრები.
გაიდლაინები გავლენას მოახდენს მხოლოდ ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ევროპული პარტიების კომუნიკაციებზე, რომლებიც მოიცავს: მემარცხენეებს (EL), სოციალისტებს (PES), მემარჯვენე ცენტრისტებს (EPP), ლიბერალებს (ALDE), კონსერვატორებს (ECR), მწვანეებს (EGP) და ულტრამემარჯვენეებს (ID).
„ევროპული პოლიტიკური პარტიების ეს კოლექტიური ვალდებულება მოქალაქეებს უგზავნის ძლიერ გზავნილს: ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპაში ჩვენი არჩევნების მთლიანობა“, – განაცხადა ვერა იუროვამ.